რობერტ ფიცო აშშ-ისგან ითხოვს ინფორმაციას USAID-ის მიერ სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიასაშუალებებისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის გაცემული სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ღია წერილი მისწერა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელს, ილონ მასკს. ის ითხოვს ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიასაშუალებებისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის გაცემული სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ.
ფიცოს თქმით, USAID-ის გამოცხადებული გაუქმება „ეხება სლოვაკეთის საშინაო საქმეებს“. „ეჭვგარეშეა, რომ USAID-ის სახსრები ასევე გამოიყენებოდა სლოვაკეთში პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკური სისტემის დეფორმირებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის უპირატესობის მინიჭებისთვის,“ წერს ის.
ფიცომ ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როცა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება მისა და კრემლის მომხრე მისი ანტიუკრაინული პოლიტიკის წინააღმდეგ. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას, რომელიც ფიცოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს მართავს, გადატრიალების მზადებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ თითქოს ეხმარებიან „ექსპერტები, რომლებიც ადრე საქართველოსა და უკრაინაში მუშაობდნენ“ და რომ მათი მუშაობისთვის ფული, სავარაუდოდ, უცხოური ფონდებიდან მოდიოდა.
მან ამერიკული გრანტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახსნა იმით, რომ აუცილებელია გაიმიჯნოს „სასარგებლო და მომგებიანი პროექტები [ქვეყნის] შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან“. მისი თქმით, შედარებით მოკლე დროში USAID-მ რამდენიმე მილიონი დოლარი გამოყო სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ჟურნალისტების მხარდასაჭერად.
რობერტ ფიცო 2023 წლის ოქტომბერში გახდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. მან არაერთხელ გააკრიტიკა მედია და ჟურნალისტები, შარშან შემოდგომაზე კი ჟურნალისტებს „სისხლს მოწყურებული შეშლილები“ უწოდა და შემაკავებელი ზომებით დაიმუქრა. 2025 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს და ამ მიზნით, სავარაუდოდ, ქვეყანაში ჩავიდნენ ექსპერტები, რომლებიც უკრაინასა და საქართველოში მუშაობდნენ. მანამდე, 2024 წლის დეკემბერში, ფიცო მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას ითხოვდნენ.
ამასობაში რუსეთში სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა პოლიტიკოსებს, უფლებადამცველებს და სოციალურ აქტივისტებს, რომლებიც USAID-ის ფულს იღებდნენ, შესთავაზა, „საჯაროდ აღიარონ და მოინანიონ წითელ მოედანზე“. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის კონგრესს უნდა სთხოვოს იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც უჭერდა მხარს სააგენტო. „თუ მათ ეს ორგანიზაცია მტრად აღიარეს, მაშინ სიები მოგვცენ. კონგრესი სიებს გამოგვიგზავნის – ჩვენ მას ფსბ-ს მივაწვდით“, თქვა მან.
USAID არის დამოუკიდებელი ამერიკული სამთავრობო სააგენტო, რომელიც 1961 წელს შეიქმნა კონგრესის მიერ და მასში დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დასაქმებული მთელს მსოფლიოში. ეს არის აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო დახმარების ძირითადი ქვედანაყოფი, რომელიც კონგრესისგან ყოველწლიურად იღებს ათობით მილიარდ დოლარს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში პროგრამების დასაფინანსებლად. კონგრესის კვლევის სამსახურის (CRS) ახლახან გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ 2023 ფისკალურ წელს USAID-ის განკარგულებაში იყო 40 მილიარდ დოლარზე მეტი 130 ქვეყანაში პროექტების მხარდასაჭერად. დახმარების სამი მთავარი მიმღები იყო უკრაინა, ეთიოპია და იორდანია. ავღანეთი ასევე შედის USAID-ის დაფინანსების პირველ ათეულში.
ფორუმი
