პოლონეთში დაითხოვეს კომისია, რომელიც ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის აფეთქებას ამტკიცებდა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაითხოვა კომისია, რომელიც ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებს იძიებდა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ცეზარ ტომჩიკის თქმით, “შეჩერებულია ასობით მილიონი ზლოტების ხარჯი ღონისძიებებზე, რომლებსაც კატასტროფის მიზეზის დადგენასთან არაფერი აქვს საერთო”.
ტომჩიკის განმარტებით ძალაში რჩება ავიაკატასტროფის პირველადი კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნები.
ТУ-154 მოდელის თვითმფრინავი, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის მახლობლად ჩამოვარდა. 2011 წელს პოლონეთის კომისიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი დაშვებულ მინიმალურ სიმაღლეზე ქვევით დაეშვა და ცუდი ხილვადობის პირობებში ხეს დაეჯახა.
2015 წელს ხელისუფლების სათავეში დაღუპული პრეზიდენტის ძმის იაროსლავ კაჩინსკის პარტია მოვიდა. შეიქმნა ახალი კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის სხვა ვერსიებზე მუშაობდა. კომისიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ თვითმფრინავის ვარდნა აფეთქებებმა გამოიწვია, რომლებიც გამოწვეული იყო “უკანონო ჩარევით”.