ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ბოლო პერიოდში გამყარდა. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით ერთი აშშ. დოლარი 2.7813 ლარი ღირს. ერთი ევრო კი 2.8736. ეროვნულმა ვალუტამ გამყარების ტენდენცია აჩვენა სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც.
,კომერსანტი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა ლარის კურსის აწევა? კითხვით ჩვენ ეკონომისტ დავით კიკვიძეს მივმართეთ. ის აცხადებს, რომ ეკონომიკური სუბიექტები ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ მდგომარეობას შეეგუენ. დავით კიკვიძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც, ბიზნესმა არსებული ვითარება, როგორც მოცემულობა მიიღო გააქტიურდა. ეკონომისტი ლარის გამყარების ტენდენციას სხვა მიზეზებით ვერ ხსნის და ამბობს, რომ ეკონომიკაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა და არც პოლიტიკური სტაბილურობა შექმნილა.
,,ლარის გამყარებას დავაბრალებდი ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან არსებულ მდგომარეობასთან შეჩვევას. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. პოლიტიკური სტაბილურობა არ მიგვიღია და იგივე პროცესები გრძელდება. აღსანიშნავია ის, რომ ეკონომიკური აგენტები, რომლებიც შესაბამისად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, გარკვეულ წილად შეეგუენ არსებულ მდგომარეობას. თუ აქამდე გაორმაგებული სიფრთხილით ცდილობდნენ სავალუტო რეზერვების შექმნას, ან სიფრთხილით ეკიდებოდნენ იმპორტსა და ექსპორტს, ახლა შეეგუენ არსებული მდგომარეობას და პოლიტიკური ვითარება მიიღეს როგორც მოცემულობა. ამან მისცა მათ სიგნალი, რომ გაჩერება შეუძლებელია. არ შეიძლება ბიზნესის გაჩერება. ის უნდა ვითარდებოდეს და წინ მიიწევდეს.”- აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტს უჭირს პროგნოზის გაკეთება. დავით კიკვიძე ამბობს, რომ რთული სათქმელია როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
,,ეკონომიკურმა სუბიექტებმა დაიწყეს გააქტიურება, რამაც მოგვცა გარკვეული ტიპის სტაბილურობა. თუმცა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რამდენად შესაძლებელია ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება რთული სათქმელია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკს არ გაუკეთებია რაიმე ტიპის ინტერვენციები. ერთადერთი ვნახეთ, რომ შეინარჩუნა არსებული რეფინანსირების განაკვეთი იგივე დონეზე, რამაც გარკვეულ წილად სიგნალი მისცა ეკონომიკურ აგენტებს, რომ აქტიურობისკენ დაეწყოთ მოძრაობა.”- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში დავით კიკვიძე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ghvino-botlebi-spirtiani-sasmelebi_w_h-KYLQ1B-300x169.jpeg)