2025 წლის 10 თებერვალს, თბილისში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. თანათავმჯდომარეები შეხვდნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეს ლაშა დარსალიას.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების — რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას”.
ქართული მხარის ცნობითვე, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ.
“ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის უკანონოდ ამოქმედების საკითხს. ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას”, – ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.
სოხუმის აეროპორტში, რომელიც 1993 წლიდან დაკეტილია, მოსკოვიდან პირველი საცდელი რეისი – რუსეთის პირველი საჰაერო ბორტი სატესტო რეჟიმში 2025 წლის 7 თებერვალს დაჯდა. აქამდე ქართულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ან განცხადება არ გაუკეთებია.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2025 წლის 4-5 მარტს.
