მინდა გავაფრთხილო ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც დევნილთა პრობლემებით ითბობს ხელს, რომ აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დევნილების მიმართ საბინაო პოლიტიკა კვლავ რჩება ბუნდოვანი და შესაბამისად, კორუფციული.
„რამდენიმე დღის წინ, „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ მისაღებთან, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა, პროტესტის ნიშნად, თავი დაიწვა. 32 წლის დევნილობის შემდეგ, მას კიდევ ერთხელ უთხრა „ქართულმა ოცნებამ“ უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე და მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ფაქტს წინ უსწრებდა ხმამაღალი საუბარი, რომ მას დაწერილი ჰქონდა განცხადება საცხოვრებლის მინიჭებაზე და ითხოვდა შეხვედრას სააგენტოს წევრებთან.
საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. იგივე ფაქტებს ჰქონდა ადგილი 2010, 2012, 2014, 2022 წელს.
ფაქტები არის შემზარავი. მაშინ, როდესაც ქვეყანა იძირება კორუფციის და ნეპოტიზმის ჭაობში, 51 845 ოჯახი კვლავ საცხოვრებლის მოლოდინშია და ასეულობით დევნილი კვლავ ცხოვრობს დროებით კომპაქტურ ჩასახლებებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში. დევნილებში უმუშევრობის მაჩვენებელიც მეტია, ვიდრე არადევნილ მოსახლეობაში. მათ არ აქვთ სტაბილურობის განცდა.
დევნილების მიმართ საბინაო პოლიტიკა კვლავ რჩება ბუნდოვანი და შესაბამისად, კორუფციული. დევნილები ახსენდებათ მხოლოდ არჩევნების წინ, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის და ჰყავთ მუდმივ შანტაჟში ბინების გადაცემის მოლოდინის თემით.
გამოსავალი ერთია – ხელისუფლებაში იმ ხალხის ყოფნა, რომელთა საქმიანობა იქნება ქვეყნის ინტერესების შესაბამისი და მოქალაქეზე ორიენტირებული.
მინდა გავაფრთხილო ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომლებიც დევნილთა პრობლემებით ითბობენ ხელს, რომ აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი იმ კორუფციული სქემებისთვის, რაზეც ყოველდღიურად გვესაუბრება ეს ხალხი და სანამ საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებს დავაბრუნებთ სახლში, საჭიროა მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა ლანა გალდავამ.
