მეუბნებოდნენ, რომ „ქათმებში“ ჩამსვამდნენ და გამაუპატიურებდნენ. მირტყეს ხელის, ზურგის და თავის არეში, ხელის მოტეხა უნდოდათ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა საბა სხვიტარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება. მისი თქმითვე, მას პოლიციის შენობაში ნიღბიანი პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამასთან ემუქრებოდნენ.
„მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების ფაქტები. ოქმი, რომელიც პროკურატურამ წარადგინა არ შეესაბამება სიმართლეს და არის ყალბი. მე დამაკავეს სხვა ადგილას და ოქმში წერია, რომ მოწმის სტატუსით ვიყავი მისული განყოფილებაში. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე მამაჩემთან ერთად. როცა გამაჩერა პოლიციამ მე მას დავემორჩილე, ვკითხე რატომ მაკავებდნენ და მითხრეს – გეტყვიანო. მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი განაცხადეს, მოვითხოვე ჩაერთოთ სამხრე კამერები და არ ჩართეს. მამაჩემს ვთხოვე, დაერეკა ადვოკატისთვის, რა დროსაც პოლიციამ ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალეს დარეკვა.
წამომიყვანეს თბილისის მიმართულებით, სადღაც, გორთან გადამსვეს შავ სედანის მანქანაში, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ ადამიანებთან, რომლებმაც ჩამომიყვანეს თბილისის სამმართველოში. მანქანაში მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა, იყო მუქარა გაუპატიურების და ა.შ. მანქანაში მომხსნეს ბორკილები და მითხრეს: მოწმის სახით ხარ შენ დაბარებული და რამე რომ არ „გეყ…ვა” იმიტომ გადევს ბორკილებიო. საშვი ამაღებინეს და ისე შემიყვანეს. ეს რომ მცოდნოდა, უარს ვიტყოდი და სასამართლოში მოწმის სახით მოვითხოვდი დაკითხვას.
შემიყვანეს ოთახში და იქ მიდიოდა გინება, და შეურაცხყოფა. მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი მითხრეს…. მერე გავიდნენ და დაუძახეს ვიღაცას. ვიღაც ნიღბიანი სპეცეკიპირებით პოლიციელები შემოვიდნენ, ამ დროს დაიწყო ჩემზე ძალადობა, მირტყამდნენ თავის არეში, ზედ დამახტა ერთი და ეცადა ხელი მოეტეხა. მერე გადმომაგდეს და მირტყეს ხელის, ზურგის და თავის არეში, ხელის მოტეხა უნდოდათ. შემოვიდა ისევ პოლიციელი, გაიყვანა და კიდევ გავიმეოროთო, თქვეს. ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მოვითხოვე სასწრაფო დახმარება, ტვინის შერყევა მქონდა და გული მერეოდა. შემომიტანეს პარკი და ვარწყიე შიგნით, მადლობა რომ წყალი მაინც მომიტანეს. მეუბნებოდნენ, რომ “ქათმებში” ჩამსვამდნენ და გამაუპატიურებდნენ. ამიყვანეს სხვა სართულზე – ეს ის არისო? პოლიციელებზე ძალადობა არ შეგრჩებაო, სამ პიროვნებას გადამცეს, ამ სამმა შემიყვანა უფროსთან, უფროსმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და მითხრა, რომ ოქმზე ხელი მომეწერა, მე ვუთხარი, რომ არაფერს მოვაწერდი ხელს ადვოკატის გარეშე.
გამომძიებლის ოთახში ჩემი წამების მეორე ეტაპი დაიწყო. ცუდად ვიყავი, პარკი მომაწოდეს და იქაც ვარწყიე. იქ იჯდა ერთი პიროვნება გამომძიებელთან ერთად, რომელიც აღწერდა ჩემს დაზიანებებს. გამომძიებელს უთხრა გარეთ გასულიყო, კიდევ ორი პირი სპეცეკიპირებით, პოლიციის ფორმაში, სახე დაფარული შემოვიდა. სამი პოლიციელი მაკავებდა და ეს ორი ძალადობდა. თავზე გადამამტვრიეს ნივთები, ხის ნივთები, ამის შემდეგ დაუძახეს გამომძიებელს და მან გააფორმა ოქმი.
ჩამიყვანეს „კაპეზეზე”. ცუდად ვიყავი თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, მოვითხოვე სასწრაფო, მითხრეს, რომ არ მჭირდებოდა და შემიყვანეს საკანში.
მე სამედიცინო დახმარებით ვერ ვისარგებლე იქამდე, ვიდრე პენიტენციურში არ შემამოწმეს იქაურმა ექიმებმა. ამის მერე მე სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში და უნდა ვიჯდე ციხეში, ის მოძალადეები კი გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. სასამართლოსგან ვითხოვ სამართლიან განაჩენს, მე თავს ვიცავდი და ვიცავდი ჩემს გვერდით მყოფებს.
ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით, რაც ჩემს მიმართ განხორციელდა, გირაო არ შემიფარდეს, არსად გაქცევას ვაპირებ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე ვარ საშიში და ისინი, ვინც ხალხს აწამებენ – დაზარალებულები. ამ უსამართლობის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ერთ-ერთი მონაწილე არის სასამართლო”,- განაცხადა სხვიტარიძემ.
საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/bfbb020c-640c-465f-9927-a85251b25a5d-300x166.jpg)