ლაშა გაბიტაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ გაიცნო, როცა მას დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.
„შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა… შემოსვლისას ჩაუტარდა კვლევები ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის, ყბა-სახის ქირურგის მიერ. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ჩვენ შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს“, – თქვა ექიმმა.
თავდასხმის შემდეგ გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ეკეთათ.
„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოგზავნეს შემსრულებლები. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ“, – თქვა მოგვიანებით ლაშა გაბიტაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ჯგუფური ძალადობის (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე) მუხლით.
ინციდენტში, რომელიც 13 იანვარს მოხდა აბუ-დაბის სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში, ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და მათი თანმხლები გიორგი გოგოლაძე.
ერთი დღით ადრე, ლაშა გაბიტაშვილმა ირაკლი ზარქუას მოღალატე უწოდა და აგინა. 13 იანვარს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც აბუ-დაბის სასამართლომ დააჯარიმა.
საქართველოში პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებამ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები მოითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს.
აქციების მიმდინარეობისას არაერთ აქტივისტს და ჟურნალისტებსაც სამართალდამცავების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოძიების მიერ დღემდე დაუდგენელი ნიღბიანი პირებიც.
ფორუმი
