“მიმართეთ შესაბამის უწყებას” – შსს-ს წარმომადგენელი კითხვაზე, რატომ ამუშავებენ ადამიანების პერსონალურ მონაცემებს

“რა ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა -ს, როცა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა?” – ეს კითხვა ადვოკატმა ვიქტორ კვიტატიანმა არაერთხელ დასვლა სხდომაზე, სადაც აქციაზე “გზის გადაკეტვის” საქმე განიხილებოდა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან პასუხი ვერ მიიღო.
კვიტატიანი ფიქრობს, რომ სამინისტრო დაუსაბუთებლად ამუშავებს უამრავი ადამიანის პერსონალურ მონაცემებს.
“თუ დარღვევას უწოდებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას” – ასე უპასუხა ადვოკატს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ერთი ადამიანის სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის დასამტკიცებლად სასამართლოში წარადგინა საათზე მეტი ხანგრძლივობის 112-ის სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული, მაღალი გარჩევადობის ვიდეოჩანაწერი, სადაც აქციის სხვა ასობით მოქალაქის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია.
სავარაუდოდ, ეს ის “სახისა და ემოციების ამომცნობი” კამერებია, რომლებიც უწყებამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იყიდა.
სავარაუდო სამართალდამრღვევი აქტივისტი ქრისტინა ბოტკოველია [ნენსი ვოლანდი]. მას უწყება 26 იანვარს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდა მაშინ, როცა იქ ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანები არ იყვნენ.
ბოტკოველი ამბობს, რომ ტროტუარზე იდგა მანამ, სანამ პარლამენტთან შეკრებილებს მარშით არ შეუერთდა მოქალაქეთა დიდი ჯგუფი, რის შემდეგაც გზა ბუნებრივად გადაიკეტა. უფრო მეტიც, ბოტკოველის თქმით, მას შემდგე, რაც მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ, გზა თავად სამართალდამცველებმა გადაკეტეს – საპატრულო პოლიციის მანქანები ჩადგა თავისუფლების მოედანსა და სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარედ.
დაცვის მხარემ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტებმა, ვიქტორ კვიტატიანმა და თეონა ზაქარაშვილმა წარადგინეს ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ შსს-ს მიერ სამართალდარღვევად მითითებულ დრომდე პარლამენტთან შეკრებილებს მარშით უერთდება მოქალაქეთა დიდი ჯგუფი და ყველანი ერთად – პარლამენტთან შეკრებილებიც და მარშის მონაწილეებიც იკავებენ რუსთაველის გამზირს სრულად – ტროტუარსაც და გზის სავალ ნაწილსაც.
შსს-ს მიერ წარდგენილ მაღალი გარჩევადობის ჩანაწერში, რომელიც, როგორც სხდომაზე ითქვა, საათზე მეტი ხანგრძლივობისაა, ჩანს გზის სავალ ნაწილზე მდგარი ბოტკოველი, რომელიც ინტერვიუს აძლევს ერთ-ერთ მედიასაშუალებას. ასევე, ტროტუარის ნაწილი, სადაც, შსს-ს წარმომადგენლის შეფასებით, საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ სამანქანო გზაზე მდგარი მოქალაქეები დატეულიყვნენ.
სხდომის განხილვისას ვიქტორ კვიტატიანი დაინტერესდა, როგორც შეძლო უწყებამ ქრისტინა ბოტკოველის იდენტიფიცირება; ასევე, რატომ წარადგინა უწყებამ საათზე მეტი ხანგრძლივობის ჩანაწერი მაშინ, როცა ბოტკოველის სავარაუდო სამართალდარღვევა დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ჩანს.
ადვოკატი: “იდენტიფიცირება რა სახით მოხდა ქალბატონი ქრისტინეს?” შსს-ს წარმომადგენელი: “პროგრამის საშუალებით, რომლითაც ხდება. სქრინშოთებისა და ვიდეოს საშუალებით იდენტიფიკაცია” ადვოკატი: “რა პროგრამაზე არის საუბარი?” შსს-ს წარმომადგენელი: “ზუსტად ჩემთვის უცნობია, იმიტომ, რომ ოპერატიული პროგრამები აქვთ, რომელსაც პოლიცია იყენებს”. ადვოკატი: “თქვენ მიერ არის წარმომადგენილი საქმის მასალებში ვიდეო-ჩანაწერები, რომლებიც არის დაახლოებით 1-საათიანი, მაღალი გარჩევადობის, სადაც არის უამრავი პერსონალური ინფორმაცია. რატომ წარმოადგინეთ ამხელა დოზის პერსონალური ინფორმაცია?” შსს-ს წარმომადგენელი: “ეს არ ეხება ამ საკითხს. შეგიძლიათ, თუ ვთქვათ პერსონალურ დარღვევაზე [მიუთითებთ], შესაბამის იწყებს მიმართოთ. თუმცა, არ გეთანხმებით, რომ დარღვევაა. იმიტომ, რომ საჯარო სივრცეა, გაფრთხილება არსებობს …” ადვოკატი: “რა ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს? როდესაც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავება ხდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული წარმოადგენს დარღვევას. თქვენ გაქვთ წარმოდგენილი საათნახევარიანი ჩანაწერი, სადაც მაღალი გარჩევადობით არის წარმოდგენილი აქციის ყველა მონაწილის სახე, ვისთან ერთად იმყოფება … ეს არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი. თუ ჩვენ ვიხილავთ ქრისტინა ბოტკოველის საქმეს, ამ შემთხვეაში, რატომ არის საქმესთან შემხებლობაში საათნახევრიანი დანარჩენი ნაწილი” შსს-ს წარმომადგენელი: “ეს არ არის საქმესთან შემხებლობაში”. ადვოკატი: “მაშინ რატომ წარმოადგინეთ?” შსს-ს წარმომადგენელი: “თქვენ თუ დარღვევად მიიჩნევთ, შეგიძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართოთ” ადვოკატი: “რა თქმა უნდა. დარღვევა არის. უბრალოდ, თქვენგან განმარტება მჭირდებოდა ამის შესახებ”. შსს-ს წარმომადგენელი: “თუ დარღვევას უწოდებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას. მე არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში დარღვევას ჰქონდა ადგილი”. ადვოკატი: “რა ლეგიტიმური მიზანი იყო ამის წარმოდგენის, ეგ არის ჩემი შეკითხვა”. შსს-ს წარმომადგენელი: “სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და შესაბამისი მტკიცებულების უზრუნველყოფა სასამართლოში” ადვოკატი: “სამართალდარღვევის გამოვლენა შესაძლებელი იყო ქალბატონი ქრისტინა ბოტკოველის 1-წუთიანი მონაკვეთს გამოყენებით და არა საათნახევრიანი ვიდეოს წარმოდგენით”. შსს-ს წარმომადგენელი: “სხვა საქმეს ვიხილავთ?” მე ვფიქრობ, რომ უკვე ვუპასუხე ამ შეკითხვას და ერთისა და იმავეს არ გავიმეორებ”. მოსამართლე ზვიად ცეკვავა: “ჩვენ არაერთ საქმეზე შევხვედრივართ ამ აქციებთან დაკავშირებით, 174-ე პრიმაზეც, მათ შორის და ყოველთვის თქვენი პრეტენზია საპირისპირო იყო ხოლმე – რატომ არის ეს კადრები ასეთი პატარაო …” ადვოკატი: “სამართალდარღვევასთან მიმართებით [მქონდა პრეტენზიები], აქ არის პერსონალური მონაცემები უკვე”. მოსამართლე: “სამართალწარმოების მიზნებისთვის არ ვრცელდება იმ კანონის [პერსონალურ მონაცემთან დაცვის შესახებ კანონი] მოქმედება”. ადვოკატი: “განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი არის”. მოსამართლე: “გასაგებია. გაქვთ კიდევ კითხვები?”
ამის შემდეგ მსჯელობა გაგრძელდა იმაზე, თუ რატომ არ მოუწოდა პოლიციამ მოქალაქეებს, არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი, თუ ადგილზე საკმარისი რაოდენობის ადამიანი არ იყო. თავად ბოტკოველი ამბობს, რომ მსგავსი მოწოდება არ ყოფილა. შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ არ ადასტურებს, რომ მოწოდება არ იყო. ადვოკატმა მას მიუთითა, რომ მტკიცების ტვირთი მის მხარესაა და სავარაუდო სამართალდამრღვევის მონათხრობის არდადასტურება კი არა, იმის დადასტურება ევალება, რომ მოწოდება ნამდვილად იყო. შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამას ვერ დაადასტურებს, რადგან 112-ის ჩანაწერები ხმის გარეშეა, თუმცა ზეპირად მიუთითა, რომ “რიგ შემთხვევაში იქ პოლიციის მანქანები დადის, რომლებიც ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებენ მოქალაქეებს”.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ქრისტინე ბოტკოველი სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარით დააჯარიმა.
შსს-ს მიერ აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირების მეთოდების კანონიერებზე კითხვებს სვამს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციამ დღეს საჯაროდ მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ მოახდინოს შსს-ს ინსპექტირება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის საფუძვლით საქმის წარმოებისას მასობრივად იყენებს სახის ამომცნობ კამერებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებულ სამართალდარღვევის საქმეებში. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოსათვის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა. სასამართლო უმეტესად, არ აფასებს, რამდენად კანონიერად მოხდა პირის იდენტიფიცირება და პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი კამერების პრაქტიკაში ადამიანის უფლებებისთვის დამაზიანებელი მიზნით გამოყენებას მასობრივად აქვს ადგილი ავტოკრატიულ/ტოტალიტარულ რეჟიმებში. Human Rights Watch-ის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება არა მხოლოდ პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს, არამედ – გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებიც“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს რამდენად შეესაბამება შსს-ს მიერ მონაცემების დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს.