რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებას დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა – სურს, პოლიტიკური პატიმრები ჩაითრიოს დანაშაულებრივ ჩანაფიქრში და მიაღწიოს რომელიმე პოლიტპატიმრისგან “ბრალის” აღიარებას.
პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა რუსთაველის გამზირზე ბრიფინგი მას შემდეგ გამართეს, რაც დღეს ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ადვოკატი დავით გამყრელიძე თვითნებურად შევიდა და დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.
უკანონოდ დაკავებული სტუდენტის ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურა ცეცხლაძის თქმით, ოჯახის წევრები მოელაპარაკებიან ადვოკატებს, რომ შევიდნენ პატიმრებთან და კონკრეტულად ყველა დეტალი აუხსნან, “რა ვერაგი ჩანაფიქრია ხელისუფლების მხრიდან”. ამასთან, ის ამბობს, რომ ამ თემაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ელჩებსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაწვდიან ინფორმაციას.
“პოლიტიკური პატიმრების და რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები ვაცხადებთ შემდეგს, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ პოლიტიკური პატიმრები ჩაითრიონ თავიანთ დანაშაულებრივ ჩანაფიქრში, მიაღწიონ რომელიმე ერთისგან მაინც აღიარებას და დაუშვან პრეცედენტი, რომ პოლიტიკური პატიმრებისგან არის კატეგორია, რომელიც აღიარებს დანაშაულს და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, ეს პროცესი დე ფაქტო ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ თავი იმართლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ანუ, საზოგადოებას უმტკიცებს შიგნითაც, რომ ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები და ამათ მიმართ რეალურად არსებობს სისხლის სამართლის საქმეები.
კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ არცერთ საქმეში არანაირი სისხლის სამართლის მტკიცებულებები არ არსებობს, შესაბამისად, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობის ვადებიც იმიტომ გაახანგრძლივეს, რომ რაღაც მოეპოვებინათ, რაც თავისთავად შეუძლებელია, რაც არ არსებობს, ვერ მოიპოვებენ. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რომ აღიარებითი ჩვენებით მიაღწიონ კრიმინალიზაციას ამ ახალგაზრდების და მოცემული პოლიტპატიმრების. ეს არის საბჭოთა კავშირიდან გადმონაშთი. სწორედ ასე უნდათ მათ, ვინაიდან ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ, საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით უნდათ რომ გაასამართლონ ეს ბიჭები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ჩვენს პატიმრებს, ჩემს შვილს, ყველა პოლიტპატიმარს, იყავით მხნედ, იყავით მედგრად, ყოჩაღად. ბევრი არ არის დარჩენილი, თქვენთან არის სიმართლე, ღმერთი, საქართველოს უმრავლესობა, საერთაშორისო საზოგადოება. თქვენ არ ხართ დამნაშავეები, თქვენ წელში გამართული, გამართლებული, თავაწეული გამოხვალთ და თქვენს გასაკეთებელს გააკეთებთ სამშობლოს გასაბრწყინებლად.
მოცემულ მომენტში, ერთადერთი ჩვენი სამოქმედო გეგმა არის შემდეგი – ჩვენს პატიმრებს უნდა ავუხსნათ, რომ არც ერთ შემთხვევაში არანაირ გარიგებასა და მოლაპარაკებაში არ შევიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ აღიარებით ჩვენებას მიიღებენ თუ არა, არ გაათავისუფლებენ არავის ციხიდან, აუცილებლად საპატიმრო ვადასაც დაუტოვებენ, შესაბამისად, ხელისუფლების ნდობა იმ თვალსაზრისით, რომ გაგათავისუფლეთ და აღიარეთ, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს არ გააკეთონ.
ჩვენს ადვოკატებს კატეგორიულად გავაფრთხილებთ და მოველაპარაკებით, რომ შევიდნენ პატიმრებთან და კონკრეტულად ყველა დეტალი აუხსნან, რა ვერაგი ჩანაფიქრია ხელისუფლების მხრიდან. არავისთან არანაირი მოლაპარაკება არ გამართონ და ადვოკატისა და ოჯახის წევრების კონსულტაციის გარეშე არავისთან არანაირ კომუნიკაციაში არ შევიდნენ. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივაწვდით ინფორმაციას, ელჩებსაც, პრეზიდენტთანაც გვექნება შეხვედრა”, – თქვა ზურა ცეცხლაძემ.
