სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თუ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება, მაშინ ფოთის პორტის გაფართოება აზრს კარგავს.
“თუ ანაკლია განვითარდება ფოთის პორტის განვითარება გარკვეულწილად აზრს დაკარგავს. მით უმეტეს თბილისში მშრალი პორტის პერსპექტივაც გაგვიჩნდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია, როცა შუა დერეფნის განვითარებაზე ვსაუბრობთ. ჩინეთს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ასზე მეტი ნავსადგური აქვს შეძენილი (სრულად თუ წილობრივად), დაახლოებით 20 ნავსადგური აქვს ევროპაში ნაყიდი. ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზღვაო ქვეყნად არის მიჩნეული. ასეთი კითხვაც ისმის ხომ არ არის ანაკლიის ნავსადგური დამატებითი გადამმუშავებელი პუნქტი, რომელიც მის სიახლოვეში განლაგებულ რუსეთის 13 ნავსადგურს მოემსახურება. [ჩინეთს] შეუძლია პორტი გამოიყენოს რუსეთის ნავსადგურებში ტვირთების გადანაწილებისთვის”, – ამბობს ცაგარეიშვილი BMGTV-ის ეთერში.
გასული წლის მაისში მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
კონსორციუმში შედიან:
· CCCC – „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (China Communications Construction Company Limited – რეგისტრირებული ჩინეთში)
· CHI – „ჩინეთის პორტების ინვესტიციები“ (China Harbour Investment – რეგისტრირებული სინგაპურში); მართალია, CHI სინგაპურშია რეგისტრირებული, თუმცა ისიც ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.
bm.ge
