“ჯავშნები შემცირებულია” – რა ტენდენციებია გამყვან ტურიზმში?

2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ სულ 701 ათასი გასვლა აღირიცხა, 4.9%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წელს. მათ შორის 15 და უფროსი ასაკის პირების ვიზიტებმა 563 ათასი შეადგინა, რაც წლიურად 7.4%-ით არის შემცირებული.
კლებას გამყვან ტურიზმში ბიზნესი პირდაპირ უკავშირებს ქვეყანაში ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს და არასტაბილურობას. მდგომარეობა არც წლის დასაწყისში შეცვლილა. მართალია, იანვარ-თებერვალი ისედაც არ არის მაღალი სეზონი, თუმცა ბიზნესი ამბობს, რომ აქტივობის კლება მაინც თვალშისაცემია. კომპანიების ნაწილის თქმით, მოგზაურობისგან განსაკუთრებით საშუალო ფენა იკავებს თავს და კლება ბიზნესმოგზაურების კატეგორიაში არ ფიქსირდება.
“იანვარ-თებერვალი გამყვანი ტურიზმის და ზოგადად ტურიზმის სფეროში ნაკლებად აქტიურად ითვლება, მაგრამ რა თქმა უნდა შემცირებულია ჯავშნების რაოდენობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ჯერჯერობით ფულს არ ხარჯავენ, წინასწარ არ გეგმავენ მოგზაურობას და ამან ჩვენს საქმიანობაზეც გავლენა მოახდინა. ჯერჯერობით რადიკალური ცვლილებები არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, მარტში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება იმის შესახებ, თუ საით მივდივართ.
ამ ეტაპზე არის კლება, მაგრამ რადგანაც სეზონი ისეთია, რომელიც ისედაც პასიური იყო, ცოტა რთულია დასკვნების გაკეთება. არის გადაუდებელი მოგზაურობები რა თქმა უნდა, რაზედაც მოთხოვნა იმავენაირად რჩება, მაგალითად საქმიანი ვიზიტები რა თქმა უნდა ისევ გრძელდება, მაგრამ სხვა ტიპის დასვენების რაოდენობა შემცირებულია.
გამყვანი და შემომყვანი ტურიზმი გადაჯაჭვულია, იმიტომ რომ ავიაკომპანიების მხრივ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ავიაკომპანიებს გადაყვათ ქართველებიც და უცხოელებიც, ამიტომ დატვირთვა ორივე მხრივ არის მნიშვნელოვანი”,-აცხადებს ქეთი დოჭვირი, WOnderLAND-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
“გაყიდვები შედარებით შემცირებულია წინა წელთან შედარებით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი პროცენტით არის შემცირებული. ზოგადად ზაფხულის ჯავშნების მიღებას ჩვენ აქტიურად ვიწყებთ ხოლმე მარტიდან, შესაბამისად დღეს ცოტა რთულია ვისაუბროთ, რა მოცემულობა გვექნება ტურისტული სეზონის დროს, რომელიც საქართველოსთვის ძირითადად არის ხოლმე ზაფხული.
ბიზნესმოგზაურობით ადამიანები ისევ ჩვეულებრივად მოგზაურობენ, თუმცა საშუალო ფენა ტურისტების, რომელიც გააქტიურებული იყო ბოლო წლების განმავლობაში, მათი მხრიდან არის შედარებით ჩამკვდარი ინტერესი.
ეს ადამიანები სამოგზაურო პერიოდს ირჩევენ ხოლმე შედარებით დაბალ სეზონებზე, როგორიც არის იანვარი, თებერვალი მარტი, აპრილი და გეგმავენ შესაბამისად ნოემბერში, ოქტომბერში. შემოდგომის პერიოდში იმდენად დაკლებული იყო დაგეგმვის პროცენტი, რომ ამან მოგვცა ზამთრის პერიოდში ძალიან დიდი კლება და ჩავარდნა. ველოდებით რა იქნება მარტიდან”,-აცხადებს ანა კირკიტაძე, Winglet-ის დამფუძნებელი.
“ბუნებრივია, რომ იკლებდა გამყვანი ტურიზმი, რადგან როცა სამოქალაქო პროტესტი არის ასეთ აქტიურ ფაზაში, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ეკონომიკა სტაბილურად ვერ განვითარდება და ფრენაზე ფიქრს არა, დაბიუჯეტებას იწყებენ. მაგალითად, კრიზისის მოახლოების სუნს როგორც კი იგრძნობენ ადამიანები, იმ წუთშივე იკლებს ციფრები.
დაბალი სეზონიც არის, თუმცა ტუროპერატორები მრავალფეროვან პროდუქტებს ქმნიან ამ მხრივ და არ უნდა იყოს კლება, თუმცა ბუნებრივია, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ხელს უშლის ტურიზმის მდგრად განვითარებას, როგორც გამყვანი, ისე შემომყვანი მიმართულებით”,-აცხადებს “ტურიზმის ალიანსის” თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი.
საქსტატის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ძირითადად საყიდლების მიზნით დადიან. მეოთხე კვარტალში ქართველები ასევე ყველაზე ხშირად მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით მოგზაურობდნენ. ვიზიტების უმრავლესობა 200 ათასი ვიზიტი თურქეთში განხორციელდა. 110 ათას 9 ვიზიტი შედგა ს ფედერაციაში.
აღსანიშნავია, რომ ქართველებმა გასული წლის მეოთხე კვარტალში საზღვარგარეთ 541,6 მილიონი ლარი დახარჯეს, 2,9%-ით ნაკლები ვიდრე წინა წელს. ყველაზე მეტი ხარჯი საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა საყიდლებზე გასწიეს, რამაც 230,6 მილიონი ლარი შეადგინა.