ადვოკატი გუჯა ავსაჯანაშვილი, რომელმაც დღეს თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა და დანაშაულის აღიარებას სთხოვდა, ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ მას “ჯგუფური ძალადობის” საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის ოჯახმა აცნობა.
კერძოდ, გუჯა ავსაჯანიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მას დაუკავშირდა პოლიტიკური ნიშნით ბრალდებულის ერთ-ერთი მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ დავით გამყრელიძეს ოჯახთან საპროცესო შეთანხმების შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია.
“მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ნიშნით ბრალდებულის მეუღლე დამიკავშირდა, რომელმაც ასევე მითხრა, რომ ბატონ დავითს ასევე ჰქონდა მათთან ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ანუ, ეს არ არის რიგითი ერთი შემთხვევითი გარემოება. საუბარია 225-ე მუხლის ერთ-ერთ ქეისზე. ერთ-ერთის ოჯახის წევრი დამიკავშირდა და მითხრა, რომ იყო მსგავსი კომუნიკაცია და დაინტერესების შემთხვევაში, თუ ვინმე უარყოფს ამას, თუნდაც ბატონი დავითი, მე სქრინები და მტკიცებულებები მაქვს”, – თქვა მან.
გუჯა ავსაჯანიშვილმა ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან დავით გამყრელიძის შესვლაზეც და თქვა, რომ ეს იყო თვითნებური გადაწყვეტილება და არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, დაკავებულის ოჯახი არ იყო თანახმა, რომ დავით გამყრელიძე საპატიმროში შესულიყო.
