პროკურატურა აცხადებს, რომ “სახელმწიფო ინტერესების ხელყოფაზე” გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 8 თებერვალს გამოძიება დაიწყეს საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე.

პროკურატურამ გამოძიება რეჟიმის სატელიტი “საზოგადოებრივი მოძრაობის” ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სატელიტი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ვატო შაქარაშვილია.
პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 10 წლამდე და 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს’’ წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას”-ნათქვამია განცხადებაში.
18 იანვარს რეჟიმის სატელიტმა “საზოგადოებრივმა მოძრაობამ” ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრებმა თქვეს, რომ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანტიდასავლური რიტორიკის განცახდებაში ნათქვამია, რომ ისინი ქვეყანაში “ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ”.
ისინი ირწმუნებიან, რომ “ოპოზიციური პარტიების კონკრეტული წევრებისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებებს შორის იმდენად ნათელია კავშირი, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობითაც კი, რთული არ არის კოორდინირებული და საერთო განზრახვით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვეთა”.
გარდა ამისა, განცხადებაში “საილუსტრაციოდ” მოყვანილია შეთქმულების თეორიები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ევროკავშირსა და სხვა ევროპულ სტრუქტურებზე.