მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა – მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, შიმშილობის რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და ვუთხრა, რომ მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, ის აქ [„ვივამედში“] გვერდით კორპუსშია. ვიცი, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე თავის ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი „სასაცილოა“.
„ეს არის ე.წ. პროცესი ე.წ. სასამართლოში და სასაცილოა, როდესაც მე მიწოდებენ ბრალდებულს, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც მიმდგარია დიდი ძალაყინით, ბულდოზერით და ანგრევს ყველაფერს, რაც ჩვენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული 9 წლის განმავლობაში შევქმენით, ის ხალხი საქართველოს და მთელ მსოფლიოს დასცინის. მე, რომელსაც მთელი მსოფლიო მიცნობს, ამ მდგომარეობაში მამყოფებს და მაიძულებს იმის მაგივრად, რომ ვემსახურო საქართველოს, უკრაინას და გამოვიყენო ჩემი უზარმაზარი გამოცდილება, უმაღლესი კლასის განათლება, ძალიან დიდი კონტაქტები თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შორის, მაიძულებს, რომ ვეურთიერთო ე.წ. გამომძიებლებს და ე.წ. პროკურორებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება.
