“სილქნეტი” მომხმარებლებს ატყუებს? – “ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს” – ComCom

გუშინ, კომპანია “სილქნეტმა” გამოაქვეყნა, რომ მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, სთავაზობს 5G ტექნოლოგიას. 14 დეკემბრიდან, თბილისის ცენტრალურ უბნებში.
დღეს კი ინფორმაცია გაავრცელა კომუნიკაციების სააგენტომ, რომელიც აცხადებს, რომ კომპანია სილქნეტი ეფექტიან და და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს და ეს ე.წ. მომსახურება, მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ.
კომპანია „სილქნეტი“ ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს. კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, „სილქნეტისთვის“ წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა. 5G ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა კომპანია „სილქნეტს“ არ მიუღია, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა” მიიღო და აიღო ვალდებულება აუქციონის პირობების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მეხუთე თაობის ტექნოლოგია დანერგოს. „სილქნეტის“ მიერ შეთავაზებული 5G-ით მომხმარებლები ხარისხიან და ეფექტიან ახალი თაობის ინტერნეტს ვერ მიიღებენ, რადგან მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის, შესაბამისი ოდენობისა და მახასიათებლების მქონე სპექტრული რესურსის გამოყენებაა საჭირო, რომელიც „სილქნეტს“ ამ ეტაპზე არ გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატორის სარგებლობაში აქამდე არსებული სიხშირული სპექტრის ძირითადი ნაწილი, წინა თაობის მობილური ტექნოლოგიებისთვისაც გამოიყენება. „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა, მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ. კომუნიკაციების კომისია ყოველთვის მიესალმება და ხელს უწყობს სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში, შესაბამის პირობებს ქმნის. სწორედ ამიტომ, კომისიამ არაერთხელ გამოთქვა წუხილი, იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, „სელფი მობაილის“ გარდა სხვა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო 5G აუქციონში მონაწილეობა, ვინაიდან, სწორედ ამ გზით, „სილქნეტს“ ექნებოდა რეალური შესაძლებლობა, დაენერგა ხარისხიანი და სრულფასოვანი 5G ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ალია დაუკავშირდა კომპანია სილქნეტს, გვინდოდა დაგვეზუსტებინა, ცდილობს თუ არა კომპანია მომხმარებლების მოტყუებს და თუ ცდილობს, რატომ, კომპანია, პასუხის გაცემას დაგვპირდა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, მათ ჩვენთვის პასუხი არ მოუწერიათ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გვიპასუხებს, მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ