გიორგი მუმლაძე წერს, რომ დილის 08:25-ზე ჯარიმის ოქმის გადასაცემად პოლიცია სახლში მასთანაც მივიდა

აქტივისტი, წერს, რომ დილის 08:25 საათზე ჯარიმის ოქმის გადასაცემად პოლიცია სახლში მასთანაც მივიდა.
“დილის 08:25 წუთზე, ეზოში ძაღლებმა ატეხეს ყეფა. 08:30-ზე დაფარული ნომერი მირეკავს, პოლიციიდან ვართო. გავიხედე ფანჯრიდან, ორი შკოდა იდგა, 7 ფორმიანი დავინახე. ეზოს კარი გაუღო დედამ, ორი ფორმიანი შემოვიდა ეზოში. გამოვხედე მეორე სართულიდან,
მე: რა გინდათ?
ფორმიანი: აი დოკუმენტები უნდა ჩაგაბაროთო
მე: რა დოკუმენტები?
ფორმიანი: 7 თებერვალს რომ კეტავდი რუსთაველსო, ადმინისტრაციული კოდექსის 174.1 მუხლის მე-5 ნაწილით შევადგინეთ სამართალდარღვევაო.
მე: გასაგებია, ახლა გადით ჩემი საკუთრებიდანთქო.
ფორმიანი: დაგიტოვებთ ოქმსო
მე: არ მინდა, გამომიგზავნეთ!
ფორმიანი: რატო არ იტოვებთ
მე: არ გენდობით, ახლა წადით.
წავიდნენ, ახალი “კანონი” ამოქმედდა 7 თებერვალს, რომლითაც უკვე პოლიცია თავად წერს ჯარიმას და იქით უნდა იდავო სასამართლოში, თუ გინდა.
პირველები ჩვენ აღმოვჩნდით ახალი “კანონის” აღსრულების ნაწილში! დილის რვაზე მიადგნენ ნიკა ნარსიას, ოც წუთში მე, თბილისიდან წეროვანი უფრო ახლოსაა და მარნეულამდე გზაში რა დროც დაკარგეს, ეგაა სხვაობა ჩატარებულ “სპეცოპერაციებში”.
კვირას, დილის რვაზე “ჯარიმის ჩასაბარებლად” რომ გადგება ფორმიანთა ჯგრო, თან ნიკას რვა თვის ჩვილი ჰყავს, მე ორი წლის და ერთი წლის ბავშვები, ეს ნამდვილად ბიძინას მდაბიური ტერორის მორიგი გამოვლინებაა! თავადაც კარგად იციან ვისთან მოვიდნენ, ძალიან ვუშლით ნერვებს და არ იმჩნევენ, მათი ტაქტიკაა ერთგვარი. დღეს შევხვდებით რუსთაველზე. საქართველო გაიმარჯვებს”, – წერს მუმლაძე.