ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, “ჰიუმან რაითს ვოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე, რეიჩელ დენბერი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისს ქმნის, ავტოკრატიას აშენებს და კრიტიკულ ჟურნალისტებზე შურისძიებით არის დაკავებული.
„პოლიციის მიერ, უამრავი ნაცემი ადამიანი გყავს და ამის ვიდეოჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრევამდე სცემს და ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება; არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, დაგმობა არ ხდება. მეორე მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე. ყველა სამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასასჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა?“ — ამბობს რეიჩელ დენბერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ინტერვიუში HRW-ის წარმომადგენელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა რეპრესიული კანონები, რომლის მიღებაც უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე გადაწყვიტა. „ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოვიდა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე 15-დან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და რამდენჯერმე გაიზარდა ჯარიმები.
73-ე დღეა საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი. დემონსტრანტების უმთავრესი მოთხოვნები, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებაა. „ქართული ოცნების“ პასუხი დაახლოებით 600 ადამიანის დაკავებაა, რომელთაგან ნაწილს სისხლის სამართლის წესით ციხით ემუქრება.
„ძალაში ახლად შესული კანონები და ფიზიკური ძალადობა — ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც “ქართული ოცნება” დგამს. დაკავებულთა უმრავლესობა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა“, — ამბობს დენბერი.
დენბერი ამბობს, რომ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციას აღრიცხული აქვს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები, რისი დოკუმენტირებაც 2024 წლის ადრე გაზაფხულზე დაიწყეს.
„ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ყველა განსხვავებული ხმა. ვფიქრობ, ისინი იმ გზას ადგანან, როდესაც ცდილობენ, რომ პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება. როგორ ჩანს, ისინი მუდმივად ქმნიან წინააღმდეგობას, მუდმივად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რომ შემდეგ ყველა ოპოზიციური ხმა ჩაახშონ. […]
დემონსტრანტებზე უმოწყალო თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აქციაზე იდგნენ, არამედ მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთ სახლთან იდგნენ, ან უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მათ შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი იყო, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. [საქართველოს] პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არადამაკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ.
გარდა ამისა, აღრიცხული გვაქვს უშუალოდ აქციებზე მომხდარი, სპეცრაზმის სრულიად უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძიება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის მიწოდება“, – ამბობს რეიჩელ დენბერი ინტერვიუში.
