ჩრდილოეთი კორეა სავარაუდოდ მიმდინარე წელს გეგმავს დაიწყოს წარმოება დრონების, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობით იქნება შემუშავებული, – იუწყება იაპონიის ტელერადიოკომპანია NHK, წყაროებზე დაყრდნობით.
ტელევიზიას წყაროებმა აცნობეს, რომ ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც მოსკოვი ფხენიანს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს რამდენიმე ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი წარმოების დასაწყებად.
ამასთან, წყაროები აღნიშნავენ, რომ შეთანხმება ითვალისწინებს სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების გაგზავნას რუსეთის დასახმარებლად, რომელიც განაგრძობს ომს უკრაინის წინააღმდეგ. წყაროები ამბობენ იმასაც, რომ რუსეთს არ სურს ჩრდილოეთ კორეას დაეხმაროს ბირთვული იარაღის წარმოების სფეროში.
დასავლეთის დაზვერვის მტკიცებით, ომში მონაწილეობის მიზნით, რუსეთში შესაძლოა ჩაიყვანეს ჩრდილოეთ კორეის 10 ათასამდე სამხედრო. მოგვიანებით უკრაინის და დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა და სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა მონაწილეობა კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში. კურსკის ოლქის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი უკრაინის ძალებს აქვთ დაკავებული.
მოსკოვსა და ფხენიანში არ ადასტურებდნენ, თუმცა არც კატეგორიულად უარყოფდნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში ყოფნას და ბრძოლებში მონაწილეობას.
გავრცელებული შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა რიგებში დანაკარგები შეადგენს ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანს – თუმცა ამ მონაცემის დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება.
იანვრის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმიამ პირველად დაატყვევა ჩრდილოეთ კორეის სამხედროები. ისინი დაკითხეს. ერთ-ერთმა თქვა, რომ რუსეთში ჩავიდა წვრთნის გასავლელად და არა ომში მონაწილეობისთვის. მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, გადასცეს დატყვევებული სამხედროები, თუკი ის ორგანიზებას გაუწევს მათი გაცვლის ოპერაციას რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ მეომრებზე.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/477007064_1025370369645633_7735302034201810162_n-297x300.jpg)