საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება და როდესაც ამით კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები შეშფოთებულები არიან, ეს ჩვენთვის გამაოგნებელია – ევროპასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსის განცხადებას.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა „ამ ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება არ დაუშვას“.
„დაინიცირებული კანონმდებლობა ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. როდესაც ამით კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები შეშფოთებულები არიან, ეს ჩვენთვის გამაოგნებელია. ისინი მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას. ევროპასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო მოიმოქმედებს ყველაფერს, რათა ამ ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება არ დაუშვას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. სიძულვილი, შეურაცხყოფა ყველამ თავისთვის უნდა შეინახოს. მით უმეტეს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყველა ასეთი სამართალდარღვევა უმკაცრესად დასჯილი იქნება. არ შეიძლება ოთხმა ასეულმა „ნაციონალმა“ პრობლემების შექმნა სცადოს 4 მილიონი ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს უბრალოდ არ შეიძლება. ჩვენ 3 მილიონ 700 ათასი მოქალაქე გვყავს და თითოეული მათგანის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ 4-მა ასეულმა „ნაციონალმა“ არავითარი პრობლემა არ შეუქმნას“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ სამართლიანები იყვნენ.
„ენჯეოებს“ კონკრეტული ძალები იყენებენ, რათა საქართველოში სცადონ ვითარების არევა. რევოლუციას რომ ვეღარ აწყობენ, ყველამ კარგად დაინახა, მაგრამ ერთადერთი მიზანი აქვთ: იქნებ რაღაც ცოტა ეკონომიკური ზრდა შეაფერხონ და ა.შ. ამასაც ვერ დავუშვებთ. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ადამიანები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შეფერხება, სიძულვილის გაღვივება. ეს არის გამაოგნებელი. როდესაც ამას აკეთებენ ევროკავშირის ბიუროკრატიის უმაღლესი წარმომადგენლები, ეს კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელია. ყველას მოვუწოდებ, გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას, მათ შორის პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. არ ვიცი, ასეთი დამოკიდებულებით ევროკავშირი მიდის არასწორი მიმართულებით. ამ ყველაფრის შედეგია ის პოლიტიკური კრიზისი და ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ევროკავშირშია შექმნილი. ტენდენციები ძალიან უარყოფითია. ყველას მოვუწოდებ, იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხი მიმართ და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და უფრო მეტად იზრუნონ ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე. საუბარია როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება.
კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ამასთან, მათი მოსაზრებით, ცვლილებები არსებითად „გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას“. მათი განცხადებით, მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს.
