“ელემენტ ქონსტრაქშენი” უზბეკეთის ბაზარზე გავიდა – კომპანიის დირექტორი შედეგებზე

სამშენებლო კომპანია „ელემენტ ქონსტრაქშენი“ უზბეკეთის ბაზარზე გავიდა. როგორც გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ოქროშიძემ განაცხადა, ოპერირება უზბეკეთში გასულ 2024 წელს დაიწყეს.
“იქ უკვე გვაქვს სამოქალაქო მშენებლობის პროექტი. ეს არის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც ადგილობრივ კომპანია “ბელტერა ჰოლდინგთან” ერთად ვახორციელებთ. ამ ბაზარზე ამბიციური და საინტერესო გეგმები გვაქვს”, – აღნიშნა ალექსანდრე ოქროშიძემ.
ამასთან, როგორც გასული წლის შედეგების შეჯამებისას “ელემენტ ქონსტრაქშენის” დირექტორმა განაცხადა, 2024-ში ჯამურად, კომპანიის მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა დაახლოებით 250 000 კვ.მ მოიცვა, ხოლო ფინანსურმა ბრუნვამ 100 მლნ ლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, ოქროშიძემ აღნიშნა, რომ კომპანია კონცენტრირებულია ისეთ მასშტაბურ მიმდინარე პროექტებზე, როგორიცაა საქართველოში გადასაღები პავილიონის, “თელავი მოლის”, “ს” საწყობის, “მშრალი პორტის”, “დიპლომატ ჯორჯიას” საწყობის, “ვენდის კოსმონავტების”, “ლიბო გრუპის” საწყობის, ყაზბეგის სოფელ კობში მრავალფუნქციური ავტოსადგომის და სხვა არაერთი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს “ელემენტ კონსტრაქშენი“ მომხმარებლებს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, მათ შორის პროექტირებას, მშენებლობას, რემონტს, სამრეწველო მშენებლობას და საწარმოო იატაკებს.
სამშენებლო კომპანია 2007 წელს დაარსდა.