„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 24 დღეა შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს, 4 თებერვლას, საღამოს, რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, ჯანმრთელობის გამოსაკვლევად გადაიყვანეს. “ვივამედში” უკვე ჩატარდა კვლევები და “იქნა ნანახი ცვლილებები” – ეს არის ამ დროისთვი არსებული ოფიციალური ინფორმაცია.
ციხის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა, ჟურნალისტების კიდევ ერთი საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 49 წლის მედიამენეჯერი, რომელიც 12 იანვარს ბათუმში, პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, წინასასამართლო სხდომას ციხეში ელოდება.
ადვოკატების თქმით, მზია ამაღლობელს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა უშედეგოდ.
მოლოდინები ცუდი მაქვს, ვიცი რომ ეს რეჟიმი არაფერზე უკან დამხევი არ არის. ასევე ვიცი, როგორი პრინციპული ხასიათი აქვს მზიას. მე არ ვახალისებ, პირიქით ძალიან მინდა რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს, მაგრამ ჩვენ ვერაფრით შევძელით მისი გადარწმუნება დავით ქოქოშვილი, ნეტგაზეთი
”მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია. მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები” – განაცხადა დაპატიმრებული ჟურნალისტის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც იგი ციხეში ორშაბათს მოინახულა.
მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მხოლოდ 4 მარტს არის დანიშნული, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, მზია აპირებს 4 მარტამდე იშიმშილოს, რაც ჟურნალისტის სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშია.
ჟურნალისტებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, კიდევ ერთხელ მოითხოვეს მზია ამაღლობელის განთავისუფლება, რომელსაც მედიისა და საზოგადოების ნაწილი, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, სინდისის პატიმრად მიიჩნევენ.
„დღეს არის შიმშილობის 24 დღე, მზია აგრძელებს და არ წყვეტს შიმშილობას“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა დათო ქოქოშვილმა. „რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს? მე სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთო და მართლა ასე მგონია. თითქოს, ქალაქის მთავარ აფიშაზე წერია რომ ამ ქალაქში ქალი უნდა მოკვდეს, დაახლოებით ასეთი შეგრძნება მაქვს“ – ამბობს დათო ქოქოშვილი.
მისი თქმით, „ყოველ დილით ვიღვიძებთ იმის შიშით, რომ რაღაც საშინელი ინფორმაცია არ გავიგოთ. მოლოდინები ცუდი მაქვს, ვიცი რომ ეს რეჟიმი არაფერზე უკან დამხევი არ არის. ასევე ვიცი, როგორი პრინციპული ხასიათი აქვს მზიას. მე არ ვახალისებ, პირიქით ძალიან მინდა რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს, მაგრამ ჩვენ ვერაფრით შევძელით მისი გადარწმუნება.
„მზია ამაღლობელისადმი წაყენებული ბრალი არის უსამართლო, წინასწარი პატიმრობა არის კიდევ უფრო უსამართლო. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მზია უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მივმართავთ პროკურატუტას, რომ აღმკვეთი ღონისძიება შეცვალოს და მზია გამოუშვას” ლიკა ზაკაშვილი, “პუბლიკა”
მე არ მაქვს იმედი რომ ხელისუფლება უკან დაიხევს ან საღი აზრი გაიღვიძებს მასში, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო დახმარება. აქ არის საუბარი იმაზე, დარჩება თუ არა 20-30 ადამიანი ჟურნალისტიკაში, აქ არის საუბარი იმაზე, ექნება თუ არა ამ საზოგადოებას ალტერნატიულ ინფორმაციაზე წვდომა“.
„მზია ამაღლობელისადმი წაყენებული ბრალი არის უსამართლო“ – გვითხრა „პუბლიკას“ რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა. „წინასწარი პატიმრობა არის კიდევ უფრო უსამართლო. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მზია უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მივმართავთ პროკურატუტას, რომ აღმკვეთი ღონისძიება შეცვალოს და მზია გამოუშვას.
მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩაატაროს გამოძიება, ბათუმის პოლიციის უფროსის დგებუაძის მხრიდან მზიას შეურაცხყოფის ფაქტზე და გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდეს. ჩვენი ეს მოთხოვნები 24-ე დღეა ხელისუფლებამ ყურადაც არ იღო, პირიქით ისინი ბინძურ და ამორალურ პროპაგანდას უპირისპირებენ მზიას პატიმრობას“ – მიაჩნია ლიკა ზაკაშვილს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მზია ამაღლობელის უფლებებს იცავს, სახალხო დამცველს მიმართა, სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა უზრუნველყოს, რომელიც რუსთავის ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას მონიტონიგს გაუწევს.
საიას განცხადებით, იმის გამო, რომ ამაღლობელი სრულ შიმშილობაზე იმყოფება, ეს ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
„მზია არ იბრძვის მხოლოდ მისი თავისუფლებისთვის, ის იბრძვის მედიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის“ – ამბობს „მთის ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/7aecc30d-2968-4a1a-84d8-fc9e21be19e4_w1200_r1-56zaeJ-300x169.jpeg)