“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს “აგენტების კანონის” შესახებ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროსაბჭო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერსესა და კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 3 თებერვალს შედგა, რათა მხარეებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სტატუსი განეხილათ. ჯგუფს ე.წ. “აგენტების კანონის” ცვლილებაზე უნდა ემუშავა. შესაბამისი შეთანხმება ორმხრივად შედგა 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს.
ევროსაბჭოს განცხადებაში წერია, რომ 20 იანვარს სამდივნომ თბილისში წერილი გაგზავნა სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნის თხოვნით, რაც მათივე თქმით, უპასუხოდ დარჩა.
განცხადების თანახმად, 3 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას ირაკლი კობახიძემ ბერსეს უთხრა, რომ “შეცვლილი გარემოებების გამო” მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან შეცვალოს “უცხოურიი გავლენის” კანონი, როგორც ეს ადრე იყო განხილული:
“თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში”.
ევროსაბჭოს განცხადებით, გენერალურმა მდივანმა ამის გამო დიდი სინანული გამოხატა და, ასევე გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. “ახლა უნდა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა და შედეგი. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება”, – წერია განცხადებაში.
20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალენ ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ ამაზე პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები.
ალენ ბერსემ მანამდე განაცხადა: „გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები [კანონის შეცვლაზე], ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს“.
ვიზიტის დროს ალენ ბერსე, ასევე შეხვდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე მისი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი ალენ ბერსეს ნათქვამის კრიტიკას დაუთმო. ზურაბიშვილის თქმით, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი „გაუგებრობაში“ მოხვდა.
„მე ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის, დანიშნონ რაღაც კომისია ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი.
ვის რაღაში აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში“, – თქვა ბრიფინგზე ზურაბიშვილმა.
ევროპელი მაღალჩინოსნის საჯარო კრიტიკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არ მორიდებიან.
ფორუმი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/7aecc30d-2968-4a1a-84d8-fc9e21be19e4_w1200_r1-56zaeJ-300x169.jpeg)