მოსამართლე ცეკვავას თქმით, არ იცოდა, რომ სანქცირებული იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ არ იცოდა, რომ სანქციები ჰქონდა დაწესებული.
დღეს, 7 თებერვალს მოსამართლე ზვიად ცეკვავა თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს 18 წლის სტუდენტის, გიორგი ბარბაქაძის საქმეს. ბარბაქაძე 6 თებერვლის ღამის 3 საათისთვის დააკავეს ჭავჭავაძის გამზირზე.
მას კიდევ ორ სტუდენტთან ერთად ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სხდომის დაწყებისას გიორგი ბარბაქაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა.
აცილების მოთხოვნის არგუმენტად მან დაასახელა, რომ მოსამართლე ცეკვავას დემონსტრანტების საქმეებზე ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილებაც არ აქვს მიღებული და ამასთან, იგი დასანქცირებულია.
სასამართლოში რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, ადვოკატის ნათქვამის შემდეგ მოსამართლემ იკითხა, თუ ვის მიერ იყო სანქცირებული. მისი თქმით, იგი მსგავს ინფორმაციას არ ფლობდა.
ადვოკატმა ავსაჯანიშვილმა მას უთხრა, რომ სანქციები სგან აქვს დაწესებული და სხვა სანქცირებული მოსამართლეების სახელებიც ჩამოთვალა.
ზვიად ცეკვავას, – რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში დემონსტრაციებზე დაკავებული არაერთი ადამიანის საქმე განიხილა, – ესტონეთმა 2024 წლის 15 დეკემბერს დაუწესა სავიზო სანქციები.
„ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა მაშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
ჯამში ესტონეთს საქართველოში 25 ადამიანისთვის აქვს სანქციები დაწესებული, მათ შორის „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის. ასევე, მოსამართლეებისთვის – ლელა მილდენბერგისთვის, ლელა ცაგარეიშვილისა და მანუჩარ ცაცუასთვის.
ზვიად ცეკვავა 2024 წელს 3 წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მოსამართლედ. მანამდე იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისი სამოსამართლო კარიერა 2012 წლიდან იწყება.
ისწავლა კავკასიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მოსამართლეობის კონკურსში იუსტიციის საბჭომ 100-დან 89 ქულა დაუწერა.
ზვიად ცეკვავამ დააჯარიმა 2200 ლარით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო სხდომის დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა, ამავე მოტივით დააჯარიმა ადვოკატი თეონა ზაქაშვილი, რომელიც მოითხოვდა დაეკითხათ მოწმეები – ისინი დანაშაულის არარსებობას დაამტკიცებდნენ.
ასევე, ცეკცავამ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა დაკავებისას სასტიკად ნაცემ ზვიად რატიანს, რომელიც სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს, სასამართლოდან კი პირდაპირ იზოლატორში.