ვაშინგტონმა ირანის ნავთობის ექსპორტს ახალი სანქციები დაუწესა

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გამოაცხადა ახალი სანქციების შესახებ, რომელიც ირანის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგაა მიმართული. 6 თებერვალს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მისი სამიზნე იქნება საერთაშორისო ქსელი, რომელიც მილიონობით ბარელი ირანული ნავთობის ჩინეთში გადაზიდვას უზრუნველყოფს.
ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდება Sepehr Energy-ს, კომპანიას, რომლის მეშვეობითაც ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნავთობის გადაზიდვას ახდენს. სანქციები შეეხება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ჩინეთში, ინდოეთში და გაერთიანებულ არაბულ საამიროებში და ასევე რამდენიმე ხომალდს.
ხაზინის ოფისმა განაცხადა, რომ Sepehr Energy და მასთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც ირანის გენშტაბისთვის მუშაობენ, „თავის არიდების ცრუ მეთოდებს“, მათ შორის საზღვაოსნო დოკუმენტაციის გაყალბებას იყენებენ, რათა დამალონ ნავთობის ირანული წყარო, რომელსაც უცხოელ მყიდველებს, მათ შორის ჩინეთს, აწვდიან.
უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა თქვა, რომ უკანონო გაყიდვები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალს იძლევა, რასაც ირანი რეგიონში დესატაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის დასაფინანსებლად და მრავალი რეგიონული ტერორისტული ჯგუფის მხარდასაჭერად, მათ შორის „ჰამასის“, ჰუთების და „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად იყენებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანი ამ თანხებს ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის, ბალისტიკური რაკეტების და სამხედრო დრონების წარმოებისთვისაც იყენებს.
გაეროში ირანის მისიას, სააგენტო „როიტერის“ მხრიდან კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს