თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არა მარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად და სწორად , – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა ელენე გიორგაძემ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ექიმის თქმით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სურს საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის.
„ვთვლი, რომ მზია ამაღლობელი დროულად იყო კლინიკაში გადაყვანილი. რაც კეთდება, კეთდება სწორად. რა თქმა უნდა, საჭმელს არაფერს იღებს, ამიტომ მიდის შევსება მიკრო-მაკრო მედიკამენტებით. მადლობა იმისთვის, რომ ამას თვითონ არ აპროტესტებს და ძალიან კარგად ესმის. აბსოლუტურად ადეკვატურია. ლაპარაკობს მშვიდად, წყნარად. ძალიან დიდი ხანი ველაპარაკებოდით და ბოლოსკენ დაიღალა. თვითონ თქვა, რომ იყო უარესად და ახლა უკეთესად არის. პალატაში ვცდილობ სიარულს და დავდივარო. საპატიმრო დაწესებულებაში ამას უფრო ვაქცევდი ყურადღებასო.
ცუდი ამბავი არის ის, რომ აუცილებლად უნდა საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის. მე ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე, შიმშილი შეწყვიტოს. არ შეწყვეტს შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არამარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად და სწორად.
შიმშილის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე როდის, რა დროს რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის. რადგან საკვებს რეალურად არ იღებს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.
ინფორმაციისათვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის მიხედვით, ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით სამი დღის წინ გადაიყვანეს.