გასულ წელს ქვეყნის შიგნით 13,8 ტვტ/საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Galt&Tagart-ის მონაცემებით, განსაკუთრებით მაღალი ტემპით – 14.1%-ით გაიზარდა პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარება.
პირდაპირი მომხმარებლები ის საწარმოები არიან, რომლებიც დენს პირდაპირი ხელშეკრულებებით, “თელასისა” და “ენერგო-პროს” გვერდის ავლით ყიდულობენ. მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზე “ჯორჯიან მანგანეზია”, რომელმაც გასულ წელს 775 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 11%-ით ნაკლები ვიდრე წინა წელს, ეს აიხსნება იმით, რომ ჰოლდინგში შემავალი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით გაჩერებულია.
საინვესტიციო ბანკი Galt&Tagart-ი ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდას კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გააქტიურებით ხნის, რაც მათი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივებისა და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია.
„მოხმარების 6%-იანი ზრდა გვქონდა გასულ წელს. ზრდა ჰქონდათ როგორც პირდაპირ მომხარებლებს, ასევე ენერგო-პროს და თელასს, კლება იყო აფხაზეთის რეგიონის კატეგორიაში. წინა წელს იყო საკმაოდ დაბალი ბაზა, რაც გამოწვეული იყო პირადპირი მომხმარებლების დაბალი ბაზით, ძირითადად აქ არიან მეტალურგიული კომპანიები, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ ამ კატეგორიის მოხმარებაში.
პიკში, როცა ფეროშენადნობები და სხვა მეტალურგიული კომპანიები მაქსიმალურად მუშაობდნენ, მათი მოხმარება ქვეყნის მოხმარების 10%-მდე ადიოდა. 2023 წელს ნახევრად გაჩერებული იყვნენ, 2024 წელს რაღაც თვეები მუშაობდნენ, რაღაც თვეები არა, გამოცოცხლება წინა წელთან შედარებით არის ამ სფეროში, თუმცა იმაზე ნაკლებია, ვიდრე მაქსიმალური მოხმარება როცა ჰქონდათ.
მოხმარების ზრდის მიზეზი იყო მეტალურგიული კომპანიების გამოცოცხლება და მეორე პირაპირი მომხმარებლების დატა მაინინგ კომპანიების ზრდა. ასევე რამდენიმე პირდაპირი მომხმარებელი დაემატა, ესენი არიან თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კომპანიები, რომლებიც ახლა დარეგისტრირდნენ როგორც პირდაპირი მომხმარებლები.
ამასთან, თელასისა და ენერგო-პროს შემთხვევაში, მოსახლეობისა და ბიზნესის ნაწილში ჯამში 7,5%-იანი ზრდა გვქონდა, რაც ნიშნავს, რომ მოხმარება მაღალი იყო როგორც საცალო კომერციული სუბიექტებს, ისე მოსახლეობის.
2025 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბალანსის მიხედვით, ისევ ზრდაა დაგეგმილი, თუმცა ვიცით, რომ ახლა მეტალურგიული კომპანიები გაჩერებული არიან. მათ ამოქმედებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დიდად ამ სექტორში ფასების აღმასვლა, წლის პირველ ნახევარში, არ არის მოსალოდნელი და შეიძლება, ისე ძალიან ვერ გაიზარდოს, როგორც დაგეგმილია, თუმცა თუ ეს კომპანიები გამოცოცხლდებიან, ჯამში, ალბათ, მოხმარება გაიზრდება”, – აცხადებს Galt&Tagart-ი კვლევების სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი.
ეკონომიკის მინისტრის დამტკიცებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი ფეროშენადნობების ქარხნების ამოქმედებას 2025 წლის მეორე კვარტლიდან ითვალისწინებს. ამასთან საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, 2025 წლის ივლისიდან ბაზარზე გაჩნდებიან ახალი პირდაპირი მომხმარებლები.
ბაზრის კონცეფციის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლად სავალდებულო რეგისტრაციის კრიტერიუმი მკაცრდება, შედეგად 2025 წლის პირველი ივლისიდან გაცილებით მეტ ბიზნესებს მოუწევთ პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაცია. ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2025 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდისთვის, ახალი პირდაპირი მომხმარებლების საპროგნოზო მოხმარება შეადგენს 245.0 გვტ.სთ-ს, რაც პირდაპირი მოხმარების დაახლოებით 7.8%-იან წლიურ ზრდას გამოიწვევს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/giorgi-bachiashvili_w_h-AT2Qwx-300x169.jpeg)