დაე, იყოს შესაძლებელი, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნახოს და არ იყოს შესაძლებელი ასე გაუმჭვირვალედ, მიზანი რომ არავინ არ იცის, რისთვის იხარჯება შემოდინებული თანხები ჩვენს ქვეყანაში
რამდენიმე საფუძველი აქვს ამერიკული კანონის თარგმნას და ამ კანონის მიღებას ჩვენს რეალობაში. პირველი ის არის, რომ ახლა რაც მოქმედებს ქართული „გამჭვირვალობის კანონი“, რეალურად ამ კანონის მოქმედება ვერ ვრცელდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ყველანაირი ლოგიკით უნდა იყვნენ რეგისტრირებული რეესტრში მაგრამ არ არიან და მათ მიმართ კანონის მოქმედება არ გავრცელებულა, მაგალითად ჯარიმების ნაწილში, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ანალოგი შექმნის საშუალებას, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას გარე გავლენებისგან.
„მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დიდ სკანდალია მაგალითად USAID-თან, NED-თან დაკავშირებით და გარკვეული თანხები იხარჯებაო ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, როგორც USAID-ის მხრიდან, ასევე, NED-ის მხრიდან, რომელი თანხებიც თანხებიც არ ხმარდება ამერიკის ინტერესების გატარებას და ამერიკის ინტერესებთან შეუსაბამო არის, როდესაც საქმე ეხება თავიანთ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას და პირდაპირ საუბარია, რომ თანხები იხარჯება ისეთი პოლიტიკის და არა მხოლოდ პოლიტიკის განხორციელებაში პარტნიორ ქვეყნებში და არა პარტნიორ ქვეყნებში, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებისთვის და აზიანებს აშშ-ს და ამ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ზუსტად ამიტომ არის, რომ ჩვენც ამ სკანდალიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად უნდა გვქონდეს საშუალება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა გავლენებისგან და სხვისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების ჩარევისგან.
მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ რაიმე არსებობს აშშ-ში და კარგია, რატომ არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში?!“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას უნდა ხელთ ეპყრას ისეთივე ბერკეტები, როგორსაც ამერიკის მოქალაქეები ფლობენ.
„მაგალითად, როგორც ჩვენ შეგვიძლია ქართველებს და არა მხოლოდ ქართველებს, ნებისმიერს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შევიდეთ „ფარას“ ვებგვერდზე და ვნახოთ ადამიანები იქნებიან თუ ორგანიზაციები, რომლებიც არიან რეგისტრირებულები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ერთვებიან სხვადასხვა საქმიანობაში, ზუსტად ანალოგიურად დაე, იყოს შესაძლებელი, რომ ქართულმა საზოგადოებამაც ნახოს და არ იყოს შესაძლებელი ასე უპრაგონოდ, დასაბუთების გარეშე, ასე გაუმჭვირვალედ, მიზანი რომ არავინ არ იცის, რისთვის იხარჯება თანხები ჩვენს ქვეყანაში შემოდინებული და რა საქმეს ხმარდებოდეს, რომ კაცმა არ იცოდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს და არ მოსწონს „ფარას“ კანონი, წავიდეს და კაპიტოლიუმთან ჩაატაროს აქცია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/LADO-BOJADZE-Dtl76b-300x215.jpeg)