„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში სთავაზობდა საქართველოს მთავრობაში გადასვლას.
„მაშინდელი ივანიშვილი ჩემთვის იყო ადამიანი, რომელმაც გაისტუმრა [მიხეილ] სააკაშვილი, რომელიც მართლა გასასტუმრებელი იყო, და ამბობდა, რომ ქვეყანას აყენებდა ევროპულ გზაზე“, – განუცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ნინო გელაშვილს, 7 თებერვალს პირდაპირ ეთერში.
„2016 წლიდან ივანიშვილი მთავაზობდა უკვე მთავრობაში, პოლიტიკაში გადმოსვლას. ჭკვიანი ბიჭი ხარო, კარგი მომავალი გაქვსო და ხომ ხედავ, აქ საჭიროა ასეთი ხალხიო“, – განაცხადა მან.
„დეტალურად არცერთ პოზიციაზე არ ყოფილა განხილვა. ჩემთვის იმ დროსვე მიუღებელი იყო მთავრობაში მუშაობა. ვხედავდი მის მართვის სტილს და რომ დაერეკა ჩემთვის და ეთქვა, ახლა გამოდი, თქვი, „ევროპა არ გვინდა“, – ან ნებისმიერი რამ, რაც ჩემს ფასეულობებთან არ იქნებოდა თანხვედრაში, – მე ამას ვერ გავაკეთებდი“, – თქვა მან.
ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე, გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ვერსიით, – რაც მეტწილად ბიძინა ივანიშვილის ჩვენებას ეყრდნობა, – გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში თავისი პირადი და „ინვესტორის“ [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] თანხებით კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.
ივანიშვილის ვერსიით, – რასაც პროკურატურაც იზიარებს, – ბაჩიაშვილისათვის გადაცემული თანხა – 5 მლნ აშშ დოლარი – „ინვესტიცია“ იყო, რის უზრუნველყოფასაც ივანიშვილი ახორციელებდა.
გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი საპირისპირო სურათს ხატავენ.
დაცვის მხარის პოზიციით, ბაჩიაშვილმა, – რომელიც 2015 წლისთვის უკვე კარგად ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, – ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.
ადვოკატის თქმით, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო „ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და [მაინინგ კომპანია] Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად“.
ივანიშვილმა 5 თებერვალს სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა ჩვენება.
