მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება. საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ტარდება დეგუსტაციები, კონკურსები, საერთაშორისო ღვინის კონფერენციები, გამოფენები და მედია ტურები. მიუხედავად ამისა, არის ბაზრები, სადაც ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია მწირეა. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენმა ღვინომ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციები გაიმყაროს და მასზე მოთხოვნა გაიზარდოს? საკითხზე ,,კომერსანტი“ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელს ანა გოდაბრელიძეს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, რომ ცნობადობა გაზრდილი, თუმცა რიგ ბაზრებზე საჭიროა ერთიანი მარკეტინგული კამპანიის ჩატარება და მასში სწორი ადამიანების ჩართვა. ანა გოდაბრელიძე აღნიშნავს, რომ რიგ ბაზრებზე ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ, მასზე არის მოთხოვნა, თუმცა არ არის საჭირო რაოდენობის პროდუქცია.
,,ჩვენ გვაქვს ბევრი საინტერესო და კარგი ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის ცნობადობა აშკარად ამაღლებულია, მაინც ამ თუ იმ ბაზარზე მეტი ცნობადობის ამაღლება გვჭირდება, ხარისხთან მიმართებაში სწორი ფასის დადგენა და ა.შ. მნიშვნელოვანია ხანგრძლივი და თანმიმდევრულად ღონისძიებების ჩატარება, ამ დარგში მნიშვნელოვანი, ცნობილი ადამიანების ჩართვა. არის ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ, თუმცა არ არის საკმარისი მრავალფეროვნება წარმოდგენილი. არის ბაზრები, სადაც საკმაოდ არის წარმოდგენილი ქართული ღვინო, მაგრამ მომხმარებელი ნაკლებად იცნობს. ამიტომ, სწორი და საერთო მარკეტინგული ქმედებებია საჭირო. მხოლოდ ერთი ან ორი კომპანიის აქტივობა არასაკმარისია. ბევრი აქტივობა ტარდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის მხრიდან, რაც ძალიან კარგია. ცნობადობა მაღლდება, უამრავი დეგუსტაცია ტარდება. ამისი გაგრძელება და მნიშვნელოვან ბაზრებზე მიზანმიმართულად მუშაობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი.’’- აცხადებს ანა გოდაბრელიძე.
აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში იმ ბაზრებს ასახელებს, რომლებიც ქვეყნისთვის საინტერესოა. მათ შორის არის ამერიკის ბაზარიც, სადაც ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ. ანა გოდაბრელიძე აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე დიდი ბაზარია, სადაც საჭიროა ქართული ღვინის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება. აზიის ბაზრებიდან ის კორეას გამოყოფს. თუმცა, აქ ქართული ღვინის შეტანა დიდ ფინანსებს უკავშირდება, რაც ადგილზე ღვინის ფასს ზრდის.
,,ინგლისის ბაზარზე ცნობადობა არის. უფრო მეტი და მრავალფეროვანი პროდუქცია, რომ შევიდეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა, იმპორტის დოკუმენტაციის მოწესრიგება ცოტა რთულია და ალბათ ეს აფერხებს. გერმანიაში ქართული ღვინო საკმაოდ კარგად იყიდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამერიკის ბაზარია.
თუმცა, ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ. ძალიან კარგი იქნება ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება. აზიის ბაზრებიდან კორეის ბაზარი საინტერესოა, თუმცა ტრანსპორტირება ძვირია, ასევე შიდა გადასახადები და შესაბამისად მომხმარებლამდე მიტანილი ფასი ძალიან ძვირდება. თუ იქნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ქართული ღვინის ფასიც მეტად მიმზიდველი გახდება.” – ფიქრობს ანა გოდაბრელიძე.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რა არის საჭირო, რომ ქართული ღვინო უფრო მეტად მისაღები იყოს საერთაშორისო მომხმარებლისთვის? ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს, რომ ქართულ ღვინოს ხარისხი აქვს, თუმცა საჭიროა ის საერთაშორისო მომხმარებლის გემოვნებას უფრო მეტად პასუხობდეს.
,, ქართული ღვინის ხარისხი კარგია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ არ გვჭირდება მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანია, ის საერთაშორისო მომხმარებლის გემოვნებას უფრო მეტად პასუხობდეს. დღეს უკვე ყველა ქვეყანა, ტრადიციულიც კი ცდილობს ამას. კორეაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი კონკურსზე ,,Asia Wine Trophy’’, შეიქმნა ცალკე კომისია, სადაც გაისინჯა ქარვისფერი ღვინოები. კომისიაში იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალები. ვნახეთ, რომ სხვა ქვეყნებსაც ძალიან კარგი ქარვისფერი ღვინოები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, ცოტა უფრო მეტად რბილი გემოზე და დაბალანსებული, რაც საერთაშორისო მომხმარებელს უფრო მეტად მოსწონს. ჩვენ ქარვისფერ ღვინოებს ნამდვილად გამორჩეული ხასიათი აქვს, თუმცა რამდენიმე წლის დავარგება სჭირდება, გემოზე რომ უფრო მეტად დარბილდეს, განსაკუთრებით კახურ ქარვისფერ (ჭაჭა/კლერტზე დადუღებულ, დავარგებულ) ღვინოებს.’’- აცხადებს ანა გოდაბრელიძე.
აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა მუშაობა მევენახეობის მიმართულებით. მისი განმარტებით, ღვინის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვენახის მოვლა და ყურძნის ხარისხი. ანა გოდაბრელიძე განმარტავს, რომ მევენახეები, რომლებიც თავად ღვინოს არ აწარმოებენ, ხშირად ჭარბი მოსავლის მიღებას ცდილობენ, რაც ხარისხიანი ღვინის დაყენებას ვერ უზრუნველყოფს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/afkhazeti_w_h-c6Ojre-300x169.jpeg)