მდგრადი ტურიზმის სპეციალისტი ნატალია ბახტაძე ენგლენდერი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბახტაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სექტორისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კერძო სექტორი უგულებელყოფილია ცენტრალური ორგანოს მიერ, არ ტარდება შესაბამისი მოკვლევები და კონსულტაციები. მისივე თქმით, ადმინისტრაცია უცხოური ბაზრების ათვისების პროცესში არ ინტერესდება სექტორის აზრით.
“ჩვენ საუბარი გვქონდა სამეთვალყურეო საბჭოზე. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც პროცესებში იქნება ინტეგრირებული. მე [ტუროპერატორს] თუ თქვენ მხოლოდ კონსულტაცია გამიწიეთ და იმის უფლებამოსილება გაქვთ, მცნოთ ან არ მცნოთ გადახდისუნარიანად, ეს მთლიანად კერძო სექტორის უგულებელყოფაა.
კი ბატონო, გავიგეთ ჩინეთის და ინდოეთის [ბაზრების ათვისება]… მოკვლევა არის გაკეთებული, რამდენად მზად არიან ტუროპერატორები ამ ბაზრებისთვის? გინდათ გითხრათ, რამდენი ჩინურენოვანი გიდი გვყავს ქვეყანაში, მე რაც მოვიკვლიე – 3. თუნდაც 12 იყოს, გაზრდილი ნაკადებისთვის საკმარისია? ანალოგიურად ინდოეთის მიმართულებითაც”, – აღნიშნა ნატალია ბახტაძე ენგლენდერმა.
მდგრადი ტურიზმის სპეციალისტმა საკანონმდებლო გამოწვევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ტურიზმის შესახებ პირველადი კანონი ცვლილებების პაკეტის დაშენების საშუალებას არ იძლევა.
“დიდხანს ვმუშაობდი DMO-ს ნაწილზე, საკმაოდ დიდი რესურსიც ჩავდე და შედეგად მივიღეთ ის, რომ [კანონში] ჩაწერილი განმარტებები კოლიზიურია მარეგულირებელ ნაწილთან მიმართებით და, როდესაც მეორადი კანონმდებლობის შემუშავება დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ პირველზე დაშენება ვერ მოხერხდებოდა. შევთანხმდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა ცვლილებების პაკეტი, თუნდაც იმისთვის, რომ პრობლემა არ გვქონოდა DMO-ს, ტუროპერატორების, გიდების სერტიფიცირების ნაწილში…
ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იმაზე გვქონდა, რომ ევროდირექტივა დაგვენერგა ქართული რეალობის გათვალისწინებით და არა პირდაპირი თარგმნით. თქვენ ცოტა ხნის წინ მემორანდუმი გააფორმეთ ინდურ კომპანია Thomas Cook-თან, რომლის გამოც შეიმუშავეს ევროდირექტივა საერთოდ. ამიტომ, ხანდახან მგონია, რომ ჩვენ ერთი მიმართულებით მივდივართ, თქვენ – მეორე”, – ამბობს ნატალია ბახტაძე.
ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე მან განმარტა, რომ სექტორში ქაოსური ვითარებაა, რომლის პრევენციაზეც არავინ მუშაობს, რის გამოც კერძო სექტორის ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანია.
“რატომ არავინ ისაუბრა, არავინ გამოიკვლია გუდაურში, რესტორანში რომ გარდაიცვალნენ ინდოელი თანამშრომლები? ამაზე არავინ საუბრობს. იმდენი რაღაც ხდება, რასაც ისედაც ქაოსურ სექტორში, კიდევ უფრო უარესი რამ შეიძლება მოჰყვეს, ბევრად რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდოს. ასეთ რაღაცებს არ ვაქცევთ ყურადღებას და სექტორში რეგულაციებზე ვსაუბრობთ?! პრევენცია მაინც მოვახდინოთ იმის, რაც ვიცით, რომ წარსულში მოხდა.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი ჩაერთოს გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორც ეს აქამდე იყო. არსებობდა საკონსულტაციო საბჭო, ასოციაციები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ადრე ამ ყველაფერში, დღეს სამწუხაროდ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. ცალსახად გასაგებია, რომ ევროპული მომავალი აღარ დგას დღის წესრიგში, მაგრამ თუ ცენტრალურ ორგანოში არ მეყოლება გადაწყვეტილების მიმღები კერძო სექტორიდან, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!” – მიმართა ნატალია ბახტაძე ენგლენდერმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძეს.