ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს ე.წ. აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს თვითმარქვია კრიმინალური ბანდფორმირება სრულიად იზოლირებულია საერთაშორისო სამყაროს მიერ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიუნხენის კონფერენციას არ ესწრება.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არცერთ სახელმწიფოში არ ელოდებიან.
„მათ არ იწვევენ არცერთ ღონისძიებაზე, არ ელოდებიან არცერთ სახელმწიფოში და მათთან სრულად გაწყვეტილია სტრატეგიული, ორმხრივი და მაღალი დონის პოლიტიკური კავშირები. ის, რომ საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრს თეირანისა და პეკინის გარდა არსად ელიან, საუკეთესო გამოხატულებაა იმ კრახისა, რასაც საგარეო პოლიტიკა განიცდის, სამწუხაროდ, ამ თვითმარქვია ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა გეგელიამ.
მან ასევე ისაუბრა, კონგრესმენ ჯო უილსონის შეხვედრაზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ამ კუთხით ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. გრიგოლ გეგელიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა კრიტიკულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვარ, რომ ცივილიზებული მსოფლიო უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფო, პოლიტიკური ინსტიტუტი დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ გვერდით ამ ბრძოლაშია და ჩვენ, ყველა ერთად აუცილებლად დავიბრუნებთ სახელმწიფოს,რომელიც მცირერიცხოვან კრიმინალურ ბანდფორმირებას აქვს დღეს მიტაცებული“-განაცხადა გეგელიამ.
გარდა ამისა, გეგელია გამოეხმაურა სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იაპონურმა მედიამ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის უტა ივანიშვილის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.
„ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად პრივატიზებულია დღეს ქართული სახელმწიფო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს საგარეო სამსახურის წარმომადგენლები და ელჩები ემსახურებიან არა ქართულ, ეროვნულ ინტერესს, არამედ ერთი ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას, ბატონი ბიძინას და მისი გარემოცვის მიზნებსა და ამოცანებს.
ელჩებს გააჩნიათ დიპლომატიური იმუნიტეტი და ამავე დროს, მთელი რიგი პრიორიტეტი, მათ შორის ბარგის გადატანის ფუფუნება ისე,რომ ისინი არ ექვემდებარებოდნენ მთელ რიგ მაკონტროლებელ წესებს. შესაბამისად, გამორიცხული არაფერი არ არის. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან ფხიზლად ეკიდება ამ ამბავს და სერიოზული ეჭვებიო გააჩნია იმ კუთხით, როგორ იყენებს ბატონი ლეჟავა მისთვის მინიჭებულ პრივილეგიას და ხომ არ იყენებს ის ამ პრივილეგიას იმისთვის, რომ უტა ივანიშვილს გადასცეს, მათ შორის შესაძლოა „შავი ფული“ ან ისეთი რამ, რაც დეკლარირების და გამოჩენის შემთხვევაში, ვერ გადაეცემოდა უტა ივანიშვილს“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, იაპონური მედია ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის უტა ივანიშვილის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. მათი ცნობით, „უტა ივანიშვილს ტოკიოში ელჩმა სადილის დროს შავი ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „იმედი მაქვს, დაგეხმარება“. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში, სადაც ცხოვრობს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/religti-qK7IRn-300x218.jpeg)