დღგ-ს გადასახადი ეკონომიკის ინდიკატორია, მისი არ გაზრდა, არათუ კლება, უკვე საგანგაშოა და ეკონომიკური კრიზისის ნიშანია – რამაზ გერლიანი

2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დღგ-დან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები 0.9%-ით შემცირდა. 2025 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის ამ სახეობიდან ბიუჯეტში 805 536 734 ლარი შევიდა, 2024 წლის იმავე თვეში კი 812 979 202 მილიონი ლარი.
ამასთან ერთად, 38%-ით არის შემცირებული აქციზიდან მიღებული შემოსავლები. უფრო კონკრეტულად, გასული წლის იანვარში ბიუჯეტში აქციზიდან 177 897 617 ლარი შევიდა, წელს იმავე პერიოდში კი 109 690 856 ლარი.
21%-იან შემცირებას აჩვენებს იმპორტის გადასახადი. 2024 წლის პირველ თვეში ბიუჯეტში იმპორტის გადასახადიდან 10 996 824 ლარი შევიდა, წელს იმავე პერიოდში კი 8 625 831 ლარი.
ქონების გადასახადი საანგარიშო პერიოდში 1.7%-ით არის შემცირებული. მაგალითად, წელს იანვარში ბიუჯეტში ქონების გადასახადმა 4 806 519 ლარი შეადგინა, გასული წლის იანვარში კი 4 892 273 ლარს უტოლდებოდა.
ეკონომისტი რამაზ გერლიანის შეფასებით, დღგს-ს შემცირება ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშანია. საყურადღებოა აქციზის გადასახადის შემცირებაც, თუმცა, ის ვერ იქნება უკეთესი ინდიკატორი, ვიდრე დღგ-ს მაჩვენებელი.
“დღგ-ს შემცირება ცალსახად იმის სიგნალია, რომ ეკონომიკა ჯანსაღი არ არის და სამომავლოდ პრობლემები შეექმნება. ეს იმ ტიპის გადასახადია, რომელიც ბიზნესაქტივობას აჩვენებს, ანუ რა შექმნა ბიზნესმა, როგორც დამატებითი ღირებულება. შესაბამისად, რა საკვირველია, ის სხვა გადასახადებთანაც არის დაკავშირებული, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ აქციზის გადასახადის მიმართულებითაც კლებაა, უბრალოდ, აქციზის გადასახადი ინდიკატორად არ გამოდგება. ინდიკატორი არის დღგ გადასახადი, მისი არ გაზრდა, არათუ კლება, უკვე საგანგაშოა, რადგან აჩვენებს, რომ ეკონომიკის განვითარება ვერ მიმდინარეობს. კლება, ეს უკვე ცუდი ნიშანი. უნდა დავაკვირდეთ მოგების ნაწილსაც, მოგების გადასახადსაც, რაც, რა საკვირველია, როგორც დღგ, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია”,- აღნიშნა რამაზ გერლიანმა.