ლევან ღამბაშიძე: 1951 წელს დაწერილი ლექსია …

1951 წელს დაწერილი ლექსია. ეხება იმას, თუ როგორ იკრებს ძალას რეპრესიული სისტემა მდუმარე მოქალაქეების მდუმარე თანხმობით.
დღეს რომ ჩვენს ტანჯვას უყურებენ და ხვალ თავის ტანჯვას ვერავინ დაინახავს, აი მაგ ხალხზეა.
მადლობა Tamta Berishvili-ს მშვენიერი თარგმანისთვის.
ჯალათი
(ავტორი: მორის ოგდენი)
1.
ქალაქს ჯალათი მოადგა ერთხელ
ოქროს და სისხლის ნაზავით მთვრალი.
მიმოიხედა და სასამართლოს
მოედანს უმალ დაადგა თვალი.
იქ წამოჭიმა მან სახრჩობელა,
არც ისე დიდი, უბრალო ფორმის,
შენობის კარზე უფრო ვიწრო და
სიმაღლეშიაც სულ მომცრო ზომის.
ნეტა ვინაა ბოროტმოქმედი?
რა დააშავა? ანდა რა ელის?
გაგვიელვებდა ხანდახან ფიქრი,
დაიმსახურა ალბათ სასჯელი.
თუმცა ვიყავით ჩვენ უცოდველნი,
შიშით ვუცქერდით მის მზაკვარ მზერას
და ბოლოს ერთმა შეჰბედა მხოლოდ –
“ვისთვის დაიდგა ეს სახრჩობელა?”
უცებ თვალებში ღიმი გაუკრთა
და უცანური რამე წარმოსთქვა:
მემსახურები ერთგულად თუკი,
დაიმსახურო ეგება თოკი.”
ხელი დაადო კაცს უცხო ჯურის,
ამოირჩია ვიღაცა მწირი
და ყველამ შვებით ამოისუნთქა,
რაში გვანაღვლებს ჩვენ სხვისი ჭირი.
აღარ იქნება აქ ეშაფოტი,
გაგვითენდება ხვალ დილა მშვიდი,
ჩვენც დავივიწყეთ ეს მძიმე დღე და
ხმა არ გავიღეთ ჯალათის რიდით.
2.
აი, გათენდა, ზეცა განათდა,
ქუჩებს და სახლებს მზემ სტყორცნა სხივი
და მოედანზეც უმალ გამოჩნდა
იმ სახრჩობელას შავ-ბნელი ჩრდილი.
ჯალათიც იქვე ჩამომჯდარიყო
და ხელში ბაწარს ათამაშებდა,
თვალებში სუსხით, გაყინულ სახით
გამვლელ-გამომვლელს აკვირდებოდა.
ხალხმა შესძახა: “ჯალათო, გვითხარ,
ხომ დაისაჯა ის უცხო მწირი?”
მერე დავდუმდით გაოგნებულნი,
ეს სახრჩობელა არ იყო მისთვის.
გგონიათ ასე გავირჯებოდი
ჩამოსახრჩობად მე ერთი კაცის?
და გულიანად გადიხარხარა:
მხოლოდ მოვსინჯე სიმტკიცე ბაწრის.
უცებ გაისმა “მკვლელო! სადისტო!
ჩვენ არ აგყვებით ბინძურ თამი!”
ჯალათი მყისვე მის გვერდით გაჩნდა:
“ბოროტმოქმედის შენ ხარ დამქაში”.
ხელი დაადო მხარზე ამ თავხედს,
ხალხი გაშეშდა, გაქვავდა შიშით,
ვერვინ შეჰბედა შეკამათება
და გაიყურსა ჯალათის რიდით.
იმ ღამეს მოხდა უცნაური რამ,
ხე გაიჟღინთა სისხლით და ცრემლით,
ძირში ჩავიდა, ქვემოთ გაჟონა
და სახრჩობელამ გაიდგა ფესვი.
ეს ნაგებობა არ ჰგავდა ძველსას,
სულ აღარ იყო უბრალო ფორმის,
სამსჯავროს კარზე უფრო ფართო და
სიგრძე-სიგანეც ვეება ზომის.
3.
მესამე მსხვერპლი, ჯალათის სიტყვით,
ათეისტია, ვიღაც ურჯულო.
ვინ თანაუგრძნობს ასეთ არაკაცს?
აბა ვინ არის კიდევ ურწმუნო?
“ეს იყო შენი მოსამსახურე?
საშიშროება ჩვენ აღარ გველის?”
და ჩაიცინა ჯალათმა ჩუმად:
“მხოლოდ სიმყარე მოვსინჯე ძელის”.
მეოთხე, ვიღაც შავ-შავი კაცი,
უშნოდ მღეროდა, ალბათ უქნარა.
მისი სიმღერა არ მოეწონა
არ შეისმინა მისი მუდარა.
მერე მეხუთეს მეექვსე მოჰყვა,
იმედით ვფიქრობთ, ბოლოა ალბათ.
მაგრამ ჯალათმა ჩაიქირქილა:
“ძელზე ბაწარი მოვარგე კარგად”.
ბოლოს დავდუმდით, ხმას არ ვიღებდით.
დღეს დღე მოჰყვება და ღამეს ღამე
და სახრჩობელამ სასამართლოს წინ
თავის სიდიდით დაფარა არე.
4.
დაცლილ ქუჩებში მოულოდნელად
ჩემი სახელი გაისმა მკვეთრად,
მიმოვიხედე, ვერავინ ვნახე
სახრჩობელას წინ მომდევნო მსხვერპლად.
ალბათ ვჭირდები, რომ შევეშველო
ამ ეშაფოტის ჩამოსაშლელად
და ამ იმედით მე გავემართე
ჯალათისაკენ დასახმარებლად.
ქუჩა მდუმარედ ჩამოვიარე
მივუახლოვდი მოედანს ჩუმად,
მან გამიღიმა, ხელში ეჭირა
გამზადებული ბაწარი ყულფად.
ყულფი შეაგდო და ჩამოკიდა,
ცოტა მოქაჩა, მოსინჯა ძელი,
მერე ღიმილით გამოიხედა,
მხარზე დამადო მსახვრალი ხელი.
“შენ მომატყუე, ჯალათო!” – ვყვირი,
“ეს სახრჩობელა ჩემთვის არ არის.
მოსამსახურე მე არ ვარ შენი.
ეს ხომ ხრიკია შენი მზაკვარი”.
შუშის თვალებში ღიმილი გაკრთა –
ასე ფიქრობდი თურმე აქამდე?
მე შენ სიმართლე გითხარი მხოლოდ,
ეს სახრჩობელა შენთვის ავაგე.
“ვინ მემსახურა ასე ერთგულად?
ვინ მიყურებდა ლაჩრულ იმედით?
და სად არიან, ვინც ახლა შენთვის
ხმას გაიღებდა სულაც მცირედით?
“მოკვდნენ” – ჩურჩულით წავილუღლუღე.
“მოკლეს” – ჯალათმა ჩაურთო ავად.
აქამდე მხოლოდ ისინი ვხოცე,
რისი უფლებაც შენ მომეც თავად.
იმ ძელის ქვემოთ, მზეს რომ ჩრდილავდა
ვერ დავინახე კაცი ვერცერთი,
ჯალათმა ყულფი რომ ჩამომაცვა,
არვინ შესძახა ჩემთვის „შეჩერდი!“
(თარგმანი – თამთა ბერიშვილი)