აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც შეერთებული შტატების დახმარებისთვის გამოყოფილი 170 მილიარდ დოლარზე მეტიდან უკრაინამ მხოლოდ 76 მილიარდი მიიღო და განმარტავს, რომ უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი აშშ-ში იარაღის წარმოებაზე იყო მიმართული.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკელმა ხალხმა უკრაინას $174 მილიარდზე მეტი გამოუყო და ჩვენ დავაყენეთ გენერალური ინსპექტორები ადგილზე უკრაინაში და აქ, რათა თვალყური ადევნონ ამ ფულს. ასე რომ, ძალიან კარგად ვიცით, სად მიდის ის“, – განაცხადა კელოგმა Newsmax-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი მიმართული იყო უშუალოდ შეერთებულ შტატებში იარაღის წარმოებაზე, მათი შემდგომი უკრაინაში გადაცემისთვის.
“ასე რომ, თუ ის (ვოლოდიმირ ზელენსკი) ფიქრობს, რომ მთელი 174 მილიარდი დოლარი უკრაინის ბანკშია… რა თქმა უნდა, ჩვენ შევავსებთ რეზერვებს და ამიტომ უნდა ვიყიდოთ (იარაღი) აქ, აშშ-ში”, – განაცხადა კელოგმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან გამოყოფილი 177 მილიარდი დოლარის დახმარებიდან მხოლოდ 76 მილიარდი მიიღო.