აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ ისრაელი აშშ-ს გადასცემს ღაზის სექტორს მას შემდეგ, რაც ბრძოლები დასრულდება და სექტორის მოსახლეობას სხვაგან გადაასახლებენ.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ აშშ არ იქნება ღაზაში ამ ეტაპზე.
ერთი დღის შემდეგ ტრამპის განცხადებიდან, რომ ის აპირებს ღაზის სექტორს დაეპატრონოს და ის „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ გადააქციოს, რომელიც დაიგმო მსოფლიოს ბევრ ნაწილში, ისრაელმა უბრძანა თავის არმიას მოემზადოს ღაზიდან პალესტინელების „ნებაყოფლობითი გამგზავრებისთვის“, იუწყება Reuters-ი.
ტრამპმა თავის ვებ პლატფორმა Truth Social-ზე 6 თებერვალს დაწერა: „ბრძოლების დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორს გადასცემს აშშ-ს.“ იმ დროისთვის, პოსტისთანახმად, პალესტინელები „უკვე გადასახლებული იქნებიან რეგიონის ბევრად უფრო უსაფრთხო და ლამაზ არეალებში ახალი და თანამედროვე სახლებით“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვა, რომ მან უბრძანა არმიას მოემზადებინა გეგმა, რომელიც ღაზას მცხოვრებლებს, რომლებსაც სურთ ანკლავის დატოვება, საშუალებას მისცემს, ნებაყოფლობით გაემგზავრონ. “მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გეგმას. ღაზის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ თავისუფლება, დატოვონ ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდნენ, როგორც ეს ხდება მთელ მსოფლიოში”, – წერს კაც Х-ზე . ტრამპის მოულოდნელი განცხადება 4 თებერვალს, რამაც აღშფოთება გამოიწვია მთელს ახლო აღმოსავლეთში, გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისრაელი და ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპის შესახებ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს დოჰაში, რაც გზას გაუხსნის ისრაელის სრულ გასვლას პალესტინელთა ტერიტორიიდან და ომის დასრულებას.
რეგიონის დიდმა სახელმწიფომ, საუდის არაბეთმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. იორდანიის მეფე აბდულამ, რომელიც მომავალ კვირას შეხვდება ტრამპს თეთრ სახლში, 5 თებერვალს თქვა, რომ იგი უარყოფს ტერიტორიის ანექსიის ნებისმიერ მცდელობას და პალესტინელების გასახლებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წინადადება ღაზის სექტორიდან პალესტინელი მოსახლეობის გასახლების შესახებ დროებითი ღონისძიებაა.