ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2025 წლისთვის პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს. მან სექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ “ძალიან კარგი ტურისტული წელი იქნება”.
ეს კი იმ ფონზე, რომ თავად სექტორი არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, მათ შორის არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე შემცირებულ ჯავშნებზე. BMG დაინტერესდა, როგორია მაია ომიაძის პასუხი სექტორის წუხილებზე.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, გაზრდილია სასტუმრო ოთახები მიწოდება და შესაბამისად, კონკრეტული სასტუმროების შემცირებული დატვირთულობა იმით აიხსნება, რომ სხვა სასტუმროში გადაინაცვლეს ტურისტებმა და ამ მხრივ, ქვეყანას დანაკლისი არ აქვს.
“კერძო სექტორს თავისი ხედვები აქვს, თავისი გამოწვევები აქვს. პირობითად ვამბობ, ერთ-ერთი საკითხი იყო დასმული იმასთან დაკავშირებით, რომ 5 წლის წინ კონკრეტულ სასტუმროს 70%-იანი დატვირთულობა ჰქონდა და წელს 50%-იანი დატვირთულობა აქვს. ეს ყველაფერი რომ გავაანალიზოთ, ბოლო 5 წელში როგორ გაიზარდა სასტუმრო ოთახების რაოდენობა, საქართველოში ტურისტი კი არ დააკლდა, სასტუმრო ოთახების რაოდენობა, ბიზნესის მიწოდება გაიზარდა ამ კუთხით და შესაბამისად, ადამიანს რომ დააკლდა სტუმარი, ქვეყანას კი არ დააკლდა, სხვა სასტუმროში გადავიდა. ვიცი სასტუმროები, რომლებსაც აქვთ ჯავშნები, ზოგს არ აქვს”,- თქვა მაია ომიაძემ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/israeli_w_h-RhQ4p5-300x169.jpeg)