ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
როდესაც ტევე იმედის და პოსტ ტივის ერთგული მაყურებლების “სიყვარულით” სავსე პოსტებს ვკითხულობ ვხვდები რომ ისინი დედამიწის ყველაზე ბედნიერი ხალხია – ერთგულნი, დისციპლინირებულნი და სრულიად გათავისუფლებულნი დამოუკიდებელი აზროვნების დამღლელი ტვირთისგან.
თავისუფლება, როგორც მათ ბრძნულად ასწავლეს, არ გულისხმობს საკუთარი აზრის გამოთქმას ან ლიდერების არჩევას. არა! ნამდვილი თავისუფლება ეჭვის არქონაა. ეჭვი – ესაა გაურკვევლობა, გაურკვევლობა იწვევს მერყეობას, მერყეობა კი ღალატს ნიშნავს. და რა შეიძლება იყოს ღალატზე უფრო დიდი დანაშაული, როცა იდეალურ ჰარმონიაში ცხოვრობ? ყოველი დილა მათთვის იწყება ტევე იმედის სიმშვიდით მოცული ხმებით, რომელიც მათ დღიურ სიმართლის ულუფას აწვდის. მათ არ სჭირდებათ ინფორმაციის გადამოწმება ან სხვადასხვა მოსაზრებების შედარება – რა დროის კარგვა იქნებოდა ეს! სიმართლე ხომ უკვე დამუშავებულია, შეფუთულია და თავაზიანად მიეწოდებათ ეს ხალხი ბედნიერია, რამეთუ თავს მიიჩნევენ რაღაცა დიდი ნაწილად, იმ დიდის რომელიც დაუღალავად შრომობს, რათა დაიცვას ისინი მტრებისგან – როგორც ნამდვილი, ასევე წარმოსახვითი. ისინი მამაცურად ებრძვიან ბოროტ ძალებს – პლურალიზმს, მრავალფეროვნებას, გლობალური ომის პარტიას – ყველაფერს, რაც შესაძლოა მათი დიდებული ერთობის დანგრევას ემუქრებოდეს.
მათ კარგად იციან რომ ზედმეტი ფიქრი საშიშია. და ასე აგრძელებენ სვლას, იდეალურ სინქრონში, სახეზე კმაყოფილი ღიმილით. საზოგადოება, რომელმაც საბოლოოდ მიაღწია მშვიდობას – საკუთარ თავთან, პარტიასთან და მყარი თავდაჯერებულობით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მათ არჩევანის გაკეთება აღარასოდეს მოუწევთ.