დავით ბერძენიშვილი – 2012 წელს კობახიძეს ხმა არ ამოუღია, არც მდინარაძეს, არცერთი „ოცნების” რიგითი წევრიც კი არ ყოფილა, მათ არ უბრძოლიათ “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ – წავიდა დრო, რომ პასუხი მოვთხოვოთ წარსულ ხელისუფლებებს

ცალტვინა პროპაგანდაა, რომელიც არ მოქმედებს არა მარტო საპროტესტო ელექტორატზე, არამედ არ მოქმედებს მათ მიმართ ასატანად განწყობილ ადამიანებზე , – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ – მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აქციების თაობაზე დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა.
“ეს არის ცალტვინა პროპაგანდა, რომელიც არ მოქმედებს არა მარტო საპროტესტო ელექტორატზე, არამედ არ მოქმედებს მათ მიმართ ასატანად განწყობილ ადამიანებზე.
პროტესტი ძალიან მაგარია, ძალიან კრეატიული და ძალიან მრავალფეროვანი. ამხელა მსხვერპლია, ამდენი ადამიანი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ყველას გვეშინია, რომ მზია ამაღლობელი როგორ იქნება და ეს დღეები უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და ასეთ ვითარებაში ხელისუფლება გვეუბნება, რომ უკან არ დაიხევს. ისე კარგად დაიხევს, თუ იქნება დასავლეთიდან ზეწოლა.
“ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, რა თქმა უნდა, მედიაზე ზეწოლა იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაგრძელდება რეპრესიები და აკრძალვებზე წავლენ, აგერ, საგამოძიებო კომისია შექმნეს უკვე. აქვე, მინდა ვთქვა, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს 800 ათასმა ადამიანმა გამოუცხადა ნდობა, მაგრამ ოპოზიცია ამ პარლამენტში ვერ იმუშავებს, არც ერთ ოპოზიციონერს არ ველოდები იქ, მათ შორის, იმ თორმეტიდან, ვისაც ჯერ კიდევ აქვს სტატუსი. ჩვენ მოგვიწევს სრული დაპირისპირება, გაღრმავება ამ დაპირისპირების იმიტომ, რომ ხელისუფლება სხვა არჩევანს არ გვიტოვებს.
ევროპა და ამერიკა კი მოუგებს რუსეთსა და ანტი დემოკრატიას და ჩვენ რა დანაკარგებით შევხვდებით იმას, რამდენად მინიმალური იქნება ჩვენი დანაკარგები, ეს არის მთავარი საკითხი. ქვეყნის მტერია”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაპირებას, “ნაციონალური მოძრაობის” კონსტიტუციით აკრძალვის თაობაზე.
ბერძენიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” დღევანდელი სახეებიდან არავინ ებრძოდა წინა ხელისუფლებას და 2012 წელს ისინი კოალიციის წევრებიც კი არ ყოფილან.
“რომელი მათგანი იყო “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მებრძოლი? მე კარგად ვიცი, მაშინდელ ოპოზიციაში ვინ ვიყავით და ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი დამფინანსებელი იყო, ირაკლი ს მაშინ ხმა არ ამოუღია საერთოდ, გახსენდებათ ვინმე? ან მდინარაძე, ან ვინც გინდათ. 2012 წელს არც ერთი მათგანი “ქართული ოცნების” რიგითი წევრიც კი არ ყოფილა, მათ არ უბრძოლიათ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. გასაგებია, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები, რომლებსაც გამოიყენებს, მერე ვიღაცას გადააგდებს, ვიღაცას თადარიგში გადაიყვანს.
“ნაციონალური მოძრაობა” არის ქართული ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი, გაცილებით უფრო მოზომილი და მოკრძალებული ამჟამად, ვიდრე იყო 8-10 წლის განმავლობაში, ასე რომ, ის არის ერთ-ერთი თანაზომადი ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტში. ასეთ ვითარებაში, გამოაცხადო, რომ “ყველა ნაცია, ვინც ჩემთან არ არის” – ეს მისიანებისთვისაც კი აღარ მუშაობს. როგორ არის მთელი ოპოზიცია “ნაცი”, როცა მთელი ოპოზიციის ხმებიდან 10% არის ნაცების ხმები.
წავიდა ის დრო, რომ ჩვენ პასუხი მოვთხოვოთ წარსულ ხელისუფლებებს. მე ვიყავი მისი ოპონენტი და ბიძინა ივანიშვილი იყო მისი დამფინანსებელი. 7 ნოემბერს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ნაყიდი მხუთავი აირით გვწამლავდნენ. 7 ნოემბრის მერე სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო და დაატარებდნენ ეთერ-ეთერ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.