„ენჯეოები“ არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ბევრი მათგანი თავს იკავებდა რეგისტრაციისგან – შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია „ენჯეობის“ გამჭვირვალობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, „საუკეთესო საშუალებაა ამერიკული FARA-ს კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის“.
„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაზეც ახლა ღიად ალაპარაკდა აშშ-ის ახალი ხელისუფლება. პირდაპირი აღიარებაა იმის, რომ უცხოური დაფინანსება, კერძოდ ამერიკული დაფინანსება, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციისა და არეულობის მოსაწყობად გამოიყენებოდა. უცხოეთიდან დაფინანსებული „ენეჯოები“ ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია „ენჯეობის“ გამჭვირვალობასთან.
ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საშუალებაა ამერიკული FARA-ს კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, დისკუსიების საგანი. რა თქმა უნდა, „ენჯეოები“ არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც. ძალიან ბევრი „ენჯეო“, მათ შორის ძალიან მდიდრები, თავს იკავებდნენ რეგისტრაციისგან და ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზეზი. კერძოდ, ის, რომ მათ არ სურდათ საკუთარი რევოლუციური პროექტების წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა. ეს არის სუვერენიტეტის დაცვა. არავის უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ „ენჯეოების“ უცხოური დაფინანსებით სცადოს ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამას ემსახურება ამერიკული FARA-ს ანალოგიური კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
