თბილისის მერის კახა კალაძის მტკიცებით, ქვეყანაში არანაირი რეპრესიები არ არსებობს.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც, რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორ „რუსული კანონი“. ჩვენ რომ ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით, ისინი ამას უარყოფდნენ. დღეს, კი ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს ამ ყველაფერზე, თუ როგორ გამოიყენებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები. ამ თანხების გამოყენება ძირითადად ხდებოდა, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების გადაყენების, რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობისთვის. თუმცა, ეს დასაწყისია. ჯერ სად ხართ?! კიდევ იმდენ რამეს გავიგებთ და ეცოდინება, როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ. ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება აკეთებს, არის ადამიანების წახალისების მცდელობა. უამრავ ადამიანს აურიეს გონება, დაღუპეს და ყოველდღიურად წამლავენ მოსახლეობას, ახალგაზრდებს ცრუ ინფორმაციებით და ხელს უწყობენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას. ვისაც პროტესტი აქვს, მისი გამოხატვა უპრობლემოდ შეუძლია. ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, ეს ნორმალურია და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, თუმცა, ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/gazpromi_w_h-HPgVTy-300x169.jpeg)