„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია – მიგვაჩნია, რომ მართვის მოწმობის ქულათა სისტემას ჯარიმები უნდა მიებას, ურბანულ ზონებში მანქანით მოძრაობის დასაშვები სიჩქარე უნდა იყოს ნაკლები

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, 2024 წელსაც, საგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი ფაქტორი, წინა წლების მსგავსად, სიჩქარის გადაჭარბება იყო.
როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, არსებობენ გარკვეული პირები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბების გამო „ათასობით ლარის ჯარიმებს იხდიან“, ამიტომ იზორია მიიჩნევს, რომ მართვის მოწმობის ქულათა სისტემას ჯარიმები უნდა მიებას.
მისი განმარტებით, თუ ასე მოხდება, მოქალაქე, რომელსაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა დაემუქრება, წესებს ყურადღებით მოეკიდება.
„რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის შეჯამებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, [სიკვდილიანობის] სტატისტიკა არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით, მძიმე დაშავებულობაც არის გაზრდილი.
საგზაო შემთხვევების და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზი არის სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც გასულ წლების მსგავსად დომინანტი ფაქტორია. მეორე ადგილზეა გადასწრება, გადასწრება და ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში მომხდარი საგზაო შემთხვევები. განსაკუთრებით, საყურადღებოა ქვეითთა გადაადგილების პრობლემა, ვინაიდან თუ 2023 წელს 95 ადამიანი გარდაიცვალა, 2024 წელს 101 ადამიანი გარდაიცვალა. მოგეხსენებათ, ქვეითთა გარდაცვალება და დაშავებულობა პირდაპირ კავშირშია სიჩქარის გადაჭარბებასთან.
როგორც იცით, ურბანულ დასახლებაში 60 კმ/სთ-ია დაშვებული და ასევე, 75 კმ/ სთ შეგვიძლია მოძრაობა, რაც არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ გარკვეული რეკომენდაციებით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, ეს რეკომენდაციებიც გაზიარებულია და უახლოეს მომავალში, ალბათ, კანონშიც ცვლილებები იქნება, რომ ურბანულ ზონებში და განსაკუთრებულად საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სკოლებთან იყოს ნაკლები სიჩქარე, ვიდრე დღევანდელი კანონმდებლობით არის. ასევე, ის ლიმიტი, რაც 15 კმ/სთ-იანია, ესეც შემცირდეს, დაახლოებით 3-დან 5 კმ/სთ-მდე. სიჩქარის 10%-ით მატება ნიშნავს, რომ 80% -ით იზრდება სიკვდილიანობის რისკიც.
რადგან სიჩქარეზეა ყურადღება გამახვილებული, მინდა გითხრათ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით სამ მილიონ ნახევარზე მეტი 50 ლარიანი ჯარიმაა დაწერილი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სიჩქარის კონტროლი მაქსიმალურად მოხდეს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ათასობით ლარს იხდიან და ქუჩებში მაინც სწრაფად გადაადგილდებიან, რითაც თანამოქალაქეებს უქმნიან საფრთხეს… ამიტომ ვფიქრობ, ეს [ჯარიმები] მიბმული უნდა იყოს ქულათა სისტემაზე“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.
ექსპერტის განმარტებით, 2025 წლის გეგმის თანახმად, საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი 20-25 %-ით უნდა შემცირდეს.