კახა კალაძე გახარიას გუნდის მიერ მანდატის შენარჩუნებაზე – გახარიას ალბათ, აქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩეს

გახარიას ალბათ, აქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩეს, – ასე პასუხობს თბილისის მერი ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას საპარლამენტო მანდატების გაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, რადიკალიზმი მარცხისთვისაა განწირული.
„არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთადერთი, შეიძლება ითქვას, რომ მას ალბათ, სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩეს. როდესაც ოპოზიცია ხარ და ხალხის გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაგიჭირა, რათა მათი ხმა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს და ისმოდეს, ამ დროს კი შენ იღებ გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი უგულებელყო და გადადგა ის ნაბიჯი, რაც დანარჩენებმა გადადგეს. ალბათ, მას აქვს სურვილი, ოპოზიციაში დარჩეს და გააგრძელოს მოღვაწეობა. ზოგადად, რადიკალიზმი და რადიკალი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება აღნიშნული პარტიის ქარდს, რომელიც მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების საფუძველზე აიღეს, კალაძე ამბობს, რომ ეს მათ „პრინციპულობას“ აჩვენებს.
„ეს მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ხომ გახსოვთ, გახარია მელიას გამო გადადგა. როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონ გამოდიოდა, თავს იმართლებდა, მისი თანაგუნდელები კი რაღაც სისულელეებს საუბრობდნენ. აგერ, ელემენტარული ავიღოთ, ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერ გამოაქვეყნეს, შემდეგ დატუქსეს და ააღებინეს. ეს არის რეალობა და მათი პრინციპულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.