სანქცირებულმა მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა სინდისის პატიმარი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მიზეზი წიგნი „ვაცის ნადიმი” და მასში არსებული სიტყვები გახდა, რომელიც რეზო კიკნაძემ სასამართლოზე წარმოთქვა.
„ცეცხლი ოლიგარქიას! მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა“- ეს სიტყვები წარმოთქვა სინდისის პატიმარმა სასამართლო დარბაზის დატოვებისას, როცა ის მანდატურის სამსახურს ძალის გამოყენებით გაჰყავდა, მანამდე კი პროცესზე ვრცელი გზავნილი გააჟღერა.
„სანამ აქ შემოვიდოდი, წიგნი უნდა წამომეღო მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი”. რატომღაც არ შემომატანინეს და თქვენი აზრით, რატომ არ შემომატანინეს?! ყველა წიგნის უკანა გვერდზე წერია განმარტება და ამ წიგნის უკანა გვერდზე განმარტებაშიც ნახსენებია სიტყვა “დიქტატორი”. „ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად, ასეა- ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება… „ცეცხლი ოლიგარქიას”, “რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო” – ილია ჭავჭავაძე. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა. ქართველი რუსს ყოველთვის სისხლის ბოლომდე… ყოველთვის ასე იქნება”,- განაცხადა რევაზ კიკნაძემ.
მოსამართლის მანტიით შემოსილი ლელა ცაგარეიშვილი, ბრალდებულს მოუწოდებდა, მხოლოდ საქმის გარემოებებზე ესაუბრა, იგი, მთელი ის 1 წუთი, რა დროც რევაზ კიკნაძე საუბრობდა, მუდმივად საუბრობდა პარალელურ რეჟიმში, ან აკაკუნებდა.
„შეწყვიტეთ, ბატონო რევაზ! არ გესმით?” – ითხოვდა მოსამართლის მანტიით შემოსილი პირი.
მანამდე კი ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა:
“რაც ეს პროცესები მიმდინარეობს, როგორც ჩემთვის ცნობილია, არცერთი საქმის შეწყვეტა არ გაქვთ სტატისტიკურად. დასანქციორებული მოსამართლე ბრძანდებით და თქვენი სტატისტიკა, არცერთი საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ არ მომეცით ექსპერტიზის ჩატარების უფლება, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება თქვენი აცილების საფუძველი”- უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს, თუმცა ლელა ცაგარეიშვილმა მისი აცილების შუმადგომლობა არ დააკმაყოფილა.
რეზო კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შეგახსენებთ, რომმ კიკნაძე სწორედ ის ახალგაზრდაა, რომელიც ირწმუნება, რომ დაკავების შემდეგ მას ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/vano-uta-da-elchi-750x375-jU1Nzy-300x150.jpeg)