ბოგდან (ბახჩო) ქობულოვი დაიბადა თბილისში 1904 წელს, იმსახურა ჯარში ხოლო შემდეგ კი სამუშაოდ უშიშროებაში გადაბარგდა. უყვარდა დალევა და გართობა, ხშირად ჩხუბობდა კიდეც. მისი ცხოვრება ერთი ჩვეულებრივი არ შემდგარი კონფორმისტისა იქნებოდა რომ არა ლავრენტი ბერია.
ბერიამ ის, ჯერ კიდევ ჯარში სამსახურისას გაიცნო. ქობულოვი, ბერიას თვალთახედვის არეში მოხვდა და მის გუნდში “გაერთიანდა”. მალევე, 1931 წელს, მან სწრაფი კარიერული წინსვლა დაიწყო და 1937 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.
1937-1938 წლებში, მან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 1233 ადამიანს. ქობულოვი, იმ ადამიანებს შორის იყო, ვინც საქმეებს “ხსნიდა”. ბრალს სდებდა უდანაშაულო ადამიანებს ყველანაირ სისულელეს და შემდგომ მათ ასამართლებდა. ის განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდა დაკავებულებს, სცემდა და აწამებდა მათ. “სამსახურის” მიღმა კი ისევ ერთობოდა, სვამდა, ჩხუბობდა, თავნებობასა და დაუსჯელობას იყო მიცემული.
1944 წელს, სწორედ ქობულოვი ჩეჩენ-ინგუშების გადასახლების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. მალევე, იგივე გაიმეორა ყირიმში, როცა ნახევარკუნძული “ანტი-საბჭოთა” ელემენტებისგან გაწმინდა.
დიდი გონებით არ გამოირჩეოდა არც მისი ძმა, ამაიაკი, რომელიც ასევე უშიშროებაში მუშაობდა. აფხაზეთისა და ახალციხის უშიშროების განყოფილებიდან, 1938 წელს, ის ელვის სისწრაფით დაწინაურდა, და 1939 წელს, ის მივლენილ იქნა გერმანიაში, როგორც საბჭოთა დაზვერვის კადრი. მოცემული თანამდებობისთვის არანაირი კომპეტენცია არ ჰქონდა, შედეგიც, შესაბამისი მიიღეს. მის პერიოდში, სრულად ჩამოიშალა საბჭოთა დაზვერვა ნაცისტურ გერმანიაში. ყველაზე ტრაგიკომიკური კი გამოდგა ფაქტი, როცა ის უნებლიედ ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თურმე გერმანიის ჯარების მობილიზება არ იყო საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის გამიზნული.
ორივე ძმის ბიოგრაფია, 1953-55 წლებში დასრულდა. სასამართლომ მათ ბრალი მრავალ დანაშაულში დასდო, დაწყებული ჯაშუშობიდან, დასრულებული 1937 წელი ტერორით – ორივე დახვრიტეს.
სად იყო ქობულოვების წარმატების გასაღები? ისინი არც განათლებით გამოირჩეოდნენ და არც რაიმე სხვა პროფესიული თვისება ჰქონდათ. რომ არა ბერია, და მისადმი მონური მორჩილება, ორივენი ერთი რიგითი უშიშროების თანამშრომლები იქნებოდნენ, კარიერული წინსვლის გარეშე.
სწრაფ კარიერულ წინსვლას, სწრაფი ვარდნაც მოჰყვა. პატრონის სიკვდილთან ერთად, მოკვდნენ ისინიც. მათი საფლავიც აღარ არსებობს, რადგან გვამებს კრემაცია გაუკეთეს.