„ქართული ოცნების“ დეპუტატები – ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და კიდევ ერთ ფსევდოოპოზიციას ქმნიან.
ილია ინჯია არის მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას შვილი, რომელიც პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, შემდეგ კი პარლამენტში ანტიდასავლური პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ შექმნა.
როგორც ილია ინჯია აცხადებს, ახალ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს მამამისის პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოაყალიბებს.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიციის კვოტების შესავსებად ფსევდოოპოზიცია „ხალხის ძალისგან“ შექმნა. დღეს, 5 თებერვალს კი, 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ კიდევ ერთ ფსევდოოპოზიციას ქმნის.
ფსევდოოპოზიციის როლის მორგებით „ოცნებიდან“ გასული დეპუტატები საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილ კვოტებს დაიკავებენ, რაც გამოიხატება ოპოზიციისთვის განკუთვნილი საპარლამენტო თანამდებობების ათვისებით და დელეგაციებში ადგილების შევსებით, ასევე, შესაბამისი საპარლამენტო თანამდებობის განკუთვნილი ხელფასის მიღებით.