ევროპარლამენტარებმა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტს, რომელიც 25 დღეა შიმშილობს.
„რაც საქართველოში ხდება, სასაცილო საერთოდ არ არის. მე არ ვიცი, რა შეიძლება დაემართოს მზიას, მაგრამ მომავალ კვირას ჩვენ უფრო მკაცრ მესიჯს გავუგზავნით საქართველოს ხელისუფალთ (იგულისხმება 13 თებერვალს დაგეგმილი რეზოლუციის მიღება — ავტ.), სანქციები უკვე დაგვიანებულია. ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქართველოში განვითარებულ პროცესებს“, — განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა „განაახლე ევროპის“ ჯგუფიდან პეტრას აუსტევიჩიუსმა.
ევროპის სახალხო პარტიის წევრ მიხაელ გალერის აზრით, საფრანგეთის მთავრობას შეუძლია კონკრეტული ზომების მიღება და აქტივების გაყინვა, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე.
ევროპარლამენტარებმა თამარ ნუცუბიძის „ფეისბუქ ლაივში“ ისაუბრეს სანქციების საჭიროებაზე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი გარემოცვის მიმართაც.
„რაც ხდება მზიასთან დაკავშირებით, აუტანელია“, — განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ („განაახლე ევროპა“).
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია და საჭიროა მიზანმიმართული პერსონალური სანქციები. ლუაზოს თქმით, ევროკავშირის დონეზე სანქციების დაწესება ვერ მოხერხდება უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, თუმცა შესაძლებელია ეროვნულ დონეზე, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და სადაც ივანიშვილს აქვს გარკვეული ქონება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ioseliani-iBYuR0-300x179.jpeg)