ადვოკატი: მზია ამაღლობელის თხოვნაა, ყველამ, ვინც მისი სოლიდარობისთვის შიმშილობს, შეწყვიტოს

ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, კლინიკა ვივა მედში მოინახულა.
ადვოკატმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მზია ამაღლობელს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლას აგრძელებს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელის თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობისთვის მოშიმშილეებმა შეწყვიტონ შიმშილობა.
“მოვინახულე დღეს ქალბატონი მზია, მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. 25-ე დღეა შიმშილობის. რა თქმა უნდა, შესუსტებულია გარკვეულწილად, აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და აცხადებს ისევ, რომ აგრძელებს ბრძოლას იმით, რითაც შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ ასე ხილულად, რაც მე შემიძლია შევაფასო, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს.
ისევ აცხადებს, რომ შიმშილობს არა მარტო თავისი თავისთვის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. ასევე, ერთი თხოვნა რაც გადმომცა არის ის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა”, – თქვა ადვოკატმა.
მზია ამაღლობელი გუშინ, 4 თებერვალს საღამოს საათებში კლინიკა ვივა მედში გადაიყვანეს. ვივა მედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ მზია ამაღლობელს ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები და ანალიზის პასუხების ნახვის შემდეგ, პაციენტს სტაციონარის პირობებში მკურნალობა შესთავაზეს, რასაც ის დათანხმდა.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელი კლინიკაში შევიდა კონტაქტური, მას არ ჰქონია გონების კარგვის ეპიზოდი. მისივე თქმით, “პაციენტი განაგრძობს შიმშილობას”.