არჩილ გორდულაძე – მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი აქვთ! ვამკაცრებთ კანონს, რათა ვემსახუროთ სამშობლოს!

ვამკაცრებთ კანონმდებლობას, რათა ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების დაცვა უკეთ იყოს შესაძლებელი! – მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების ქსელის მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი აქვთ! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის კანონებისა და ბერკეტების გამკაცრებით, რათა ვემსახუროთ სამშობლოს და არა ვიღაცისგან მიღებული დავალებების შესრულებას! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააკეთა, რომელმაც პირველი მოსმენით, შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ინიციატივები წარადგინა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, კანონპროექტებთან დაკავშირებით პოზიციებს მის სიმკაცრეზე გამოხატავენ, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, რომ არ შეიძლება სხვა ადამიანის შეურაცხყოფა, სხვისი ნივთების დაზიანება, ბულინგი და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა.
„ყველასთვის ცნობილია, თუ რა მოვლენები ვითარდება ჩვენს ქუჩებში და რას აორგანიზებენ, ვინ აორგანიზებს. ერთი მხრივ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმით, რეალურად, თავისუფლების სახელით შეფარული მთელი რიგი ქმედებები ხორციელდება. ეს ე.წ. ბულინგშიც გამოიხატება. აღარ დარჩა ზღვარი და ის მოცემულობა, რომ არ დაერღვიათ მორალური სტანდარტი ადამიანებს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არაფერს დაგიდევენ. ადამიანების შეურაცხყოფაზე ხომ უკან არ იხევენ, ეს ყველაფერი განსაკუთრებით მიმართულია ჩვენი სამართალდამცავების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის, საჯარო მოხელეებიც მიმართ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ჰყვებიან ამ თითიდან გამოწოვილ, ცრუ კამპანიას. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებენ და არ ჰყვებიან ამ, ყველაფერს, არიან „ბულინგის“ მსხვერპლები. მათ მიმართ პირდაპირი შეურაცხყოფა და ყოველგვარ ზღვარსგადასული მოწოდებები მიმდინარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს საკანონმდებლო პაკეტთან გათვალისწინებული საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გორდულაძემ.
რაც შეეხება შეკრება-მანიფესტაციების კანონს, გორდულაძის განმარტებით, კანონში ცალსახად განისაზღვრება სპონტანური შეკრების, მანიფესტაციის ცნება ისე, როგორც „ეს გათვალისწინებულია სამართლიანი სახელმწიფოს და მაღალი დემოკრატიის ქვეყნებში“.
მისი თქმით, ასევე რეგულირდება კონსტრუქციების დემონტაჟის საკითხი და ის კონსტრუქციები, რომელიც არ არის აუცილებელი შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისთვის, დაექვემდებარება დემონტაჟს. როგორც გორდულაძე აღნიშნავს, თუ ეს ასე არ მოხდება, სამართალდამცავები უზრუნველყოფენ კონსტრუქციების დემონტაჟს, ხოლო სამართალდამრღვევს შესაბამისი სახდელის გადახდა დაეკისრება. „კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება შეკრება-მანიფესტაციების ჩატარება დახურულ სივრცეში, შენობაში. მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე“, – განაცხადა გორდულაძემ.