სამწუხაროდ, საქართველო ახლა არ არის აშშ-ს პრიორიტეტებში – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აშშ-ში მოღვაწე ფინანსისტმა, საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისივე თქმით, ახლა ახალი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო დახმარებების რეფორმა, სავაჭრო ტარიფების შემოღება ქვეყნებთან და ა.შ.
„როგორც ცნობილია, მექსიკა, კანადა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა აშშ-ის ბაზარზე სარგებლობს პრეფერენციების სისტემით და მათი პროდუქცია არ იბეგრება აშშ-ში იმპორტის დროს. ეს იწვევს მაღალ კონკურენციას ამერიკულ ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ფასების შედარებით დაბალ დონეზე შენარჩუნებას. ამავე დროს, ეს სიტუაცია რთულ მდგომარეობაში აყენებს ამერიკელ მწარმოებლებს, განსაკუთრებით ფერმერებს.
შედეგად, აშშ-ს ამ ქვეყნებთან საკმაოდ მაღალი სავაჭრო დისბალანსი აქვს. ანუ, ეს ქვეყნები გაცილებით მეტ სარგებელს იღებენ ამ სისტემის არსებობით, რადგან, ამის გამო ამ ქვეყნებში ვითარდება ეკონომიკა, იზრდება სამუშაო ადგილები, უმჯობესდება ცხოვრების დონე შეერთებული შტატების ხარჯზე. ეს ვითარება კი არ შეესაბამებოდა პრეზიდენტ ტრამპის უმთავრეს ლოზუნგს – ამერიკა უპირველეს ყოვლისა. სწორედ ეს გახდათ ძირითადი მიზეზი, რის გამოც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ტარიფების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ამისა, წმინდა ეკონომიკური ფაქტორებისა, აგრეთვე აქ არის სხვა პრობლემებიც, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია და ნარკოტიკების შემოდინება. უკვე კარგა ხანია, რაც აშშ-ი უშედეგოდ სთხოვს მეზობელ ქვეყნებს გაამკაცრონ ბრძოლა არალეგალური მიგრაციისა და ნარკოდილერების წინააღმდეგ. ეს ფაქტორებიც ასევე მნიშვნელოვანი იყო ტარიფების ზრდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
აშშ-ის პრეზიდენტი ესაუბრა მექსიკისა და კანადის პირველ პირებს, რომლებიც დაპირდნენ, რომ უფრო სერიოზულად მიუდგებიან აშშ-ის წუხილს და რომ გააძლიერებენ ბრძოლას უკანონო მიგრაციისა და ნარკოდილერების წინააღმდეგ. სწორედ ამის გამო, შეერთებულმა შტატებმა მექსიკასთან და კანადასთან ტარიფების შემოღება ერთი თვით გადაიდო“, – განაცხადა ბასილიამ.
რაც შეეხება ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლების შესაძლო სანქცირების საკითხს, რაზეც უკვე დიდი ხანია საუბარი მიდის, თემურ ბასილია ამბობს, „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა საქართველო არ არის შეერთებული შტატების პრიორიტეტებში“.
როგორც ცნობილია, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გასულ წელს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, სანქციები სხვა მაღალჩინოსნებს დაუწესა, მათ შორის, გდდ-ს ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
„აშშ-ს უმაღლესი ეშელონები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით და უმთავრესი პრიორიტეტებით არიან დაკავებულნი, როგორიც არის საერთაშორისო დახმარებების რეფორმა, სავაჭრო ტარიფების შემოღება ევროგაერთიანების, ჩინეთის, მექსიკისა და კანადის მიმართ, არალეგალური ემიგრაცია, მათი დეპორტაცია, ისრაელ-პალესტინის ომი, ნავთობის ფასები, რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ. ამიტომაც, ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ამ სიტუაციაში მათ მოიცალონ საქართველოსთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა საქართველო არ არის შეერთებული შტატების პრიორიტეტებში“, – განაცხადა ბასილიამ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რას აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო, ეს არის USAID-ის პროგრამების 90 დღით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე შეჩერება. ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია. ის პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.
„ისტორია რომ გავიხსენოთ, USAID ჩამოყალიბდა 1961 წელს პრეზიდენტ კენედის გადაწყვეტილებით. მანამდე ამერიკული დახმარებების კოორდინაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებდა. ახალმა ადმინისტრაციამ პირველივე დღეებიდანვე განაცხადა, რომ აპირებდნენ USAID-ის რეორგანიზაციას და მათი ფუნქციის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაცემას. ანუ, იმ მოდელზე გადასვლას, რაც არსებობდა შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ კენედიმდე.
ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში არავის გაუხდია სადაო, რომ USAID-ს რეფორმა სჭირდებოდა, რომ მისი რეორგანიზაცია მომხდარიყო, უფრო ტრანსპარანტული გამხდარიყო მათი საქმიანობა და გაზრდილიყო მათი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.
აქ [აშშ-ში] აზრი ორად არის გაყოფილი: ზოგი თვლის, რომ ეს შეიძლება განხორციელებულიყო უშუალოდ USAID-ის რეორგანიზაციის პირობებში მისი შენარჩუნებით. თუმცა, ახალი ადმინისტრაცია თვლის, რომ ეს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო დეპარტამენტს. ორივე მოდელის სასარგებლოდ არსებობს ბევრი არგუმენტი. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს ახალი ადმინისტრაცია საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად. ფაქტია, საერთაშორისო დახმარებების პრაქტიკა შენარჩუნდება, თუმცა, მოხდება მისი სრულად გადახედვა ახალი პრიორიტეტების შესაბამისად.
ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება საქართველოზე გრძელვადიან პერსპექტივაში. თუნდაც იმიტომ, რომ რამდენად იქნება თავად საქართველო აშშ-ის პრიორიტეტებში. მოკლევადიან პერსპექტივას რაც შეეხება, აქ ყველაფერი ნათელია, რადგან 90 დღით შეჩერებულია მიმდინარე პროექტები და ამ პერიოდის განმავლობაში ახალი პროექტები არ დაიწყება“, – განუცხადა ბასილიამ „ბიზნესპრესნიუსს“.
www.bpn.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/borjomi_w_h-fLLPos-300x169.jpeg)