ბაჩიაშვილი: სხდომაზე ივანიშვილი დამემუქრა სისხლის სამართლის მორიგი დევნით

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს ოლიგარქი დაიკითხა. სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და მასზე ბიძინა ივანიშვილმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დისტანციურად ჩართვა მოითხოვა.
სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ სხდომაზე ოლიგარქი მას სისხლის სამართლის მორიგი დევნით დაემუქრა, “თუ მის გარკვეულ მოთხოვნებს არ დაემორჩილება”.
“ამჯერად იგი უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და მას ჰგონია, რომ ამ სტრუქტურაში გადამეტებული როლი და ფუნქცია აქვს სტრუქტურის მმართველო კომპანიას და მე. შესაბამისად, ის დამემუქრა სისხლის სამართლის მორიგი დევნით, თუ მე მის გარკვეულ მოთხოვნებს არ დავემორჩილები. ღიმილის მომგვრელია ეს მუქარა, რა თქმა უნდა, თუმცა ის არ ერიდება და სასამართლოს წინაშეც ბედავს სისხლის სამართლის დევნით დამუქრებას”, – თქვა მან.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და ოლიგარქმა საქმის დეტალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს თავი აარიდა.
“გამოკითხვის ნაწილი მიმდინარეობდა ძირითადად მონოლოგის რეჟიმში, ანუ, სულ რამდენიმე კითხვა იყო და ძირითადად ბიძინა ივანიშვილი ჰყვებოდა ამ ისტორიის თავისებურ ვერსიას. რაც შეეხება ჩვენს დასმულ კითხვებს – საქმის დეტალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ყველას თავი აარიდა ივანიშვილმა. მან ზოგადად თქვა, რომ ეს მისი ინვესტიცია იყო და მას არ ევალებოდა არანაირი დეტალების ცოდნა ამის შესახებ, თუმცა მან დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, კონტრაქტი, მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის არის ინვესტორი. […]
ვერც ერთ დეტალზე მან ვერ მოახდინა პასუხის გაცემა, უფრო სწორად, არ მოახდინა პასუხის გაცემა. როგორც კი მივდივართ საქმის დეტალებში და დოკუმენტებში, ყველგან თვალნათლივ ჩანს, რომ ეს იყო კრედიტი და არანაირი ივანიშვილის მტკიცებულება დოკუმენტური, რომ ეს იყო მისი ინვესტიცია, არ არსებობს. შესაბამისად, ცხადია, ის თავს არიდებდა ყველანაირ დეტალურ კითხვაზე პასუხის გაცემას და ამას ამოტივირებდა იმით, რომ ის ძალიან დიდი ინვესტიციების, დიდი თანხების მფლობელია და მისთვის მილიონ ნახევარი და ხუთი მილიონი სულაც არ არის ისეთი თანხა, რომ მას რაიმე დეტალები ახსოვდეს ამის შესახებ”, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.